„მივესალმები მსჯავრდებულს“ - კირიოსმა ბეკერს უპასუხა
იანიკ სინერის დოპინგის თემასთან დაკავშირებით საჩოგბურთო სამყაროში პოლემიკა გრძელდება, რაც უპირველეს ყოვლისა ალბათ ნიკ კირიოსის დამსახურებაა. ავსტრალიელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის იტალიელი ლიდერის გაკრიტიკების შანსს ხელიდან არ უშვებს და ბუნებრივია, მისი დასჯის შემდეგაც გააკეთა კომენტარი, რის შემდეგაც სინერის დაცვა საკუთარ თავზე სპორტის ამ სახეობის გერმანელმა ლეგენდამ ბორის ბეკერმა აიღო და მან კირიოსს „ტვიტერზე“ დაუწერა, რომ ნიკი პატარა ბავშვივით იქცევა, რომელიც საფენში ისვრის.
კირიოსმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, იანიკ სინერმა დოპინგ-ტესტი ორჯერ ჩააგდო და მხოლოდ 3-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რაც ჩოგბურთში არსებულ საშინელ კორუფციაზე მეტყველებს. ამ ყველაფრის წინააღმდეგ კი არავინ არაფერს აკეთებს, რაც მას დიდი სლემის მოგებაში ხელს სერიოზულად უშლის. საუბრის ბოლოს ავსტრალიელს ბეკერის რეპლიკაზეც კითხეს, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: „მივესალმები მსჯავრდებულს“.
ცნობისათვის, 2022 წელს დიდი ბრიტანეთის სასამართლომ ბეკერს 60 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის გამო, 2,5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და 3 მილიონი დოლარის აქტივები გაუყინა, თუმცა მომდევნო მოსმენის შემდეგ სასჯელი შეუმსუბუქეს და 8 თვეში ციხე დატოვა.