„შენგელიასთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია“ - ქართველების გამარჯვებას ევროლიგა ეხმაურება
„არსებობს ისეთი ფაქტორები, რასაც კალათბურთისნაირ ძნელად პროგნოზირებად სპორტის სახეობაში წინასწარ ვერ გათვლი, მაგრამ როდესაც შენი გუნდის შემადგენლობაში თორნიკე შენგელია თამაშობს, შეუძლებელი არაფერია“ - ასეთი შესავლით იწყება ევროლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ეროვნული გუნდის დანიელებთან გამარჯვებაზე მიძღვნილი ვრცელი სტატია, სადაც ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი. ჩვენი ქვეყნის უპირველესი საკალათბურთო გუნდის კაპიტანმა გუშინ ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩი 19 ქულით, 13 მოხსნით, 4 ასისტით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. თოკოს ასპარეზობას კი ევროლიგის საიტის ჟურნალისტი ასე ახასიათებს:
 
„მატჩის მეორე ნახევარში „ვირტუსში“ შენგელიას ყოფილი თანაგუნდელი და დანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იფე ლუნდბერგი ათამაშდა, მაგრამ მისმა ეფექტიანობამ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ყველაზე საჭირო მომენტში თორნიკე საქართველოს გამარჯვებისკენ გაუძღვა.
 
 
მასპინძლების 33 წლის კაპიტანი შეხვედრის დასაწყისიდანვე სამაგალითო იყო - სივრცეებს კარგად ითვისებდა, ბურთისთვის და თითოეული სანტიმეტრისთვის თავდადებით იბრძოდა და როგორც ალექსანდარ ჯიკიჩის ტაქტიკა მოითხოვდა, ხან 4 ნომრის პოზიციაზე, ხან კი 5-იანზე ასპარეზობდა. განსაკუთრებით საჭირო იყო სამქულიანი, რომელიც დიდ შესვენებაზე გასვლის წინ, საფინალო სირენამდე წამებით ადრე ჩააგდო.
 
შენგელიამ გადამწყვეტი სიტყვა თქვა თამაშის ბოლოსაც - ჯიკიჩმა მისი რამდენიმე წუთით დასვენება როდესაც გადაწყვიტა, დანიელები 52-53 დაწინაურდნენ და მწვრთნელმა კაპიტანი მაშინვე პარკეტზე დააბრუნა. თოკომ ჯერ სამი საჯარიმოს სროლის უფლება მოიპოვა და სამივეს რეალიზება შეძლო, შემდეგ კი თავისი საფირმო შესვლით დუდა სანაძეს სივრცეები გაუნთავისუფლა და პერიმეტრიდან სასროლ პოზიციაზე დარჩენილს იდეალური პასი მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ზედიზედ მეექვსე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელსაც 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე ფინეთის, პოლონეთის, კვიპროსის და ლატვიის ქალაქები, ტამპერე, კატოვიცე, ლიმასოლი და რიგა უმასპინძლებენ.