3 მოხსნა ორმაგ დუბლამდე - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
საქართველოს ნაკრების წარმატებით გახარებულმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც დანიელებთან მატჩში თანამემამულეებს ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზების გამო ვერ ეხმარებოდა, NBA-ში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. „სან ანტონიო“ საკუთარ დარბაზში „დეტროიტთან“ 15-ქულიანი სხვაობით, 110:125 დამარცხდა, 25 წლის ქართველი ლეგიონერი კი მასპინძლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ორმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 16 წუთი გაატარა და „სპურსს“ 10 ქულით, 7 მოხსნით, 2 ასისტით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დაეხმარა. მან ხუთიდან ორი სამქულიანი და ხუთიდან ორი ორქულიანი გამოიყენა, შვიდიდან ექვს შემთხვევაში მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ მოხსნების რაოდენობით სანდრო თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო.
54 მატჩის შემდეგ 24 მოგებითა და 30 წაგებით „სპურსი“ NBA-ს დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები მომდევნო მატჩს სტუმრად „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით, ორშაბათს, გამთენიისას, 04:00 საათზე დაიწყება.