Eurobasket 2025 ჩემი ბოლო ტურნირი იქნება - შერმადინი სანაკრებო კარიერას ასრულებს
გიორგი შერმადინმა და მისმა თანაგუნდელებმა კალათბურთის ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარეს და დანიის (62:60) დაძაბულ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ევროპის ჩემპიონატის საგზური ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს. 35 წლის ქართველმა ცენტრმა 31 წუთი ითამაშა და 4 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ასისტი დააგროვა. მატჩის დასრულების შემდეგ კი ერთი საკმაოდ დასანანი განცხადება გააკეთა.
გიორგი შერმადინი
ზედიზედ მეექვსედ გავედით კონტინენტის პირველობაზე და წინა ხუთივე ნათამაშები მაქვს. მეექვსეზეც მოვახერხე თანაგუნდელებთან ერთად გასვლა და სავარაუდოდ, ეს ევრობასკეტი ჩემს სანაკრებო კარიერაში ბოლო იქნება, რის შემდეგაც ეროვნულ გუნდში ასპარეზობას დავასრულებ.
უკვე 20 წელია საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსებას ვიცავ და ვფიქრობ, რომ რაც შემეძლო ამ ნაკრებისთვის ყველაფერი გავაკეთე. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, დიდი სურვილი მაქვს ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ სამი წელი ვითამაშო, შემდეგ კი დრო გვიჩვენებს რაც მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის მომდევნო ჩემპიონატი ოთხ ქვეყანაში კვიპროსში, ლატვიაში, პოლონეთსა და ფინეთში 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე გაიმართება.