„გვსურდა, გასვლით მატჩში დაშვებული შეცდომები გამოგვესწორებინა“ - ჯიკიჩი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა პრესკონფერენციაზე დანიასთან მოგებული ურთულესი მატჩი (62:60) და ევრობასკეტის საგზურის მოპოვება შეაფასა.
ალეკსანდარ ჯიკიჩი:
„რთული მატჩი იყო, როგორც მოველოდით. ვეთამაშეთ საუკეთესო მცველების წყვილს - მათ შორის, ვინც ამ სანაკრებო პაუზაზე ითამაშა, ლუნდბერგისა და შილდსის მსგავსი მცველები არავის ჰყავს. კარგად ვიცოდით, რის გამოც წავაგეთ გასვლითი მატჩი - შეტევაში მოხსნებით მათ უბრალოდ გაგვანადგურეს - 15:3. ამიტომ გვსურდა, გამოგვესწორებინა ის პრობლემები დღევანდელ მატჩში.
მოთამაშეებმა თავიანთი ქვეყნისთვის ყველაფერი გაიღეს. კამარ ბოლდუინი გუშინდელი ვარჯიშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დაშავდა. ვერ ვხსნი, როგორ მოახერხეს ჩვენმა კალათბურთელებმა ფოკუსირება მატჩზე, როდესაც იცოდნენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდათ. ეს ძალიან რთულია. ბედნიერი ვარ მათი თამაშის გამო.
რომელ ქვეყანაში ვისურვებდი თამაშს? ამაზე ჯერ არც მიფიქრია, ახლა პასუხს ვერ გაგცემთ. სადაც მოვხვდებით, იქ ვითამაშებთ. იოლი ჯგუფი არ გვქონია - სერბეთს და ფინეთს ვეთამაშეთ, მაგრამ მოვახერხეთ ევრობასკეტზე გასვლა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა დანიასთან გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა.
შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ბელგრადში, სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, თუმცა გადაწყვეტი მნიშვნელობა ამ მატჩს აღარ ექნება.