მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

რაში დაიხარჯა 218 მილიონი - ფაქტები მანჩესტერ სიტის ახალწვეულებზე

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „მანჩესტერ სიტიმ“ ახალი ფეხბურთელების შესაძენად 218 მილიონი დახარჯა, თითქმის იმდენი, რამდენიც ინგლისის პრემიერ ლიგის დანარჩენმა 19 გუნდმა ერთობლიობაში (258 მილიონი). „ქალაქელებმა“ „აინტრახტიდან“ ომარ მარმუში (75 მლნ), „პორტუდან“ ნიკო გონსალესი (60 მლნ), „ლანსიდან“ აბდუკოდირ ხუსანოვი (40 მლნ), „პალმეირასიდან“ ვიტორ რეისი (37 მლნ) და “ვალიადოლიდიდან“ ჯუმა ბა (6 მლნ) დაიმატა. ქვემოთ მანჩესტერული კლუბის ახალწვეულების შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაგაცნობთ, თუმცა მხოლოდ სამ მათგანზე, რადგან ბა უკვე იჯარით გაუშვეს სხვა გუნდში.

საინტერესო ფაქტები

აბდუკოდირ ხუსანოვი 29 თებერვალს არის დაბადებული და დაბადების დღეს „სიტის“ ყოფილი ფეხბურთელის, ფერან ტორესის მსგავსად ოთხ წელიწადში ერთხელ აღნიშნავს.

ომარ მარმუშს ეგვიპტის გარდა კანადის მოქალაქეობაც აქვს, რადგან მისი მშობლები 6 წლის განმავლობაში მონრეალში მუშაობდნენ. თუმცა, მარმუში კაიროშია დაბადებული, რის გამოც თავს 100 პროცენტით ეგვიპტელად მიიჩნევს.

როგორც ბევრი ცნობილი ფეხბურთელის შემთხვევაში ხდებოდა, ომარ მარმუშიც აფრიკის ერთ-ერთ გაჭირვებულ ოჯახში დაიბადა და მამამისი შვილისთვის განათლების მიცემას უფრო პრიორიტეტულად თვლიდა, ვიდრე ფეხბურთის თამაშს, რის გამოც ვარჯიშებზე სიარულს უკრძალავდა. თუმცა, მარმუშის კარიერა კაიროს კლუბ „ვადი დეგლას“ აკადემიის მაშინდელმა დირექტორმა გადაარჩინა, რომელმაც ომარის მამა შვილის ნიჭიერებაში დაარწმუნა.

ვიტორ რეისმა ფეხბურთის თამაში R10-ის აკადემიაში დაიწყო, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ყოფილ ფეხბურთელს რობინიოს ეკუთვნოდა.

11-დან 15 წლის ასაკამდე რეისი მშობლებს მეზობელი ქალაქის კლუბ „პალმეირასის“ აკადემიაში დაჰყავდათ ვარჯიშებზე, რომელიც მათი საცხოვრებელიდან 200 კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა. სახლში დაბრუნება ბავშვს ღამით უწევდა, რის გამოც გაკვეთილებს მანქანაში მგზავრობისას მეცადინეობდა.

11 წლის ასაკში ვიტორ რეისმა  სან-პაულუს შტატის ასაკობრივი პირველობა მოიგო, რომლის ფინალურ მატჩსაც 20 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა.

ხუსანოვი პირველი ფეხბურთელია ცენტრალური აზიიდან, რომელიც პრემიერ ლიგაში მოხვდა. უზბეკეთი კი რიგით 118-ე ქვეყანაა, რომლის წარმომადგენელიც ინგლისში იასპარეზებს.

ტაშკენტს მანჩესტერამდე 6 ათასი კილომეტრი აშორებს, დროში სხვაობა კი 5 საათია. თუმცა, უზბეკეთის დედაქალაქში „სიტის“ ფან კლუბი უკვე არსებობს და ხუსანოვის ტრანსფერის შემდეგ „ქალაქელების“ უზბეკი ქომაგების რაოდენობა ერთიორად გაიზრდება.

მარმუშმა კაიროში საერთაშორისო ამერიკული სკოლა დაამთავრა, რის გამოც ინგლისური ბავშვობიდანვე მაღალ დონეზე იცოდა და 18 წლის ასაკიდან ევროპაში სათამაშოდ წასულს, ენობრივი ბარიერი საერთოდ არ შექმნია.

17 წლის მარმუშმა „ვადი დეგლას“ დუბლებში 28 მატჩში 44 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ძირითად გუნდში გადაიყვანეს, სადაც კარიერის ბოლო წლებს ფლორან მალუდა ატარებდა და ახალგაზრდებს გამოცდილებას უზიარებდა.

2023 წელს რეისი THE GUARDIAN-მა მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელების რეიტინგში „პალმეირასში“ თავის თანაგუნდელ ენდრიკთან ერთად შეიყვანა, რომელიც ახლა „რეალში“ თამაშობს.

ახალგაზრდულ ასაკში სხვადასხვა გუნდებში ვიტორ რეისი კაპიტნის სამკლავურს ხშირად ატარებდა და ასე იყო 2023 წელს ბრაზილიის 17-წლამდე ნაკრებში თამაშის დროსაც.

რეისმა „პალმეირასის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი სადებიუტო სეზონშივე დაიმკვიდრა და 2024 წლის ბრაზილიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

2024 წელს ხუსანოვი თავის ახლანდელ თანაკლუბელებთან, სავინიოსთან და რიკო ლიუისთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დაწესებულ Golden Boy-ს ჯილდოზე იყო წარდგენილი, თუმცა ყველას ლამინ იამალმა აჯობა.

ხუსანოვის მამას ჰიკმატ ხოშიმოვს უზბეკეთის ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული და უთამაშია 2007 წლის აზიის თასზე. საკლუბო დონეზე კი ბეკაბადის „მეტალურგის“ ლეგენდაა, რომლის რიგებშიც 300-ზე მეტი მატჩი აქვს გამართული.

20 წლის ასაკში ხუსანოვმა უკვე იმაზე მეტი (18) მატჩი ჩაატარა უზბეკეთის ეროვნულ გუნდში, ვიდრე მამამისმა.

აბდუკოდირი გვარს ხუსანოვს ბაბუის საპატივცემულოდ ატარებს, რაც უზბეკეთში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა როგორც ამბობენ მან ეს ყველაფერი უფრო იმის გამო გააკეთა, რომ მამამისის ფეხბურთელობის ფონზე, ნეპოტიზმში არავის დაედანაშაულებინა.

„მანჩესტერ სიტის“ კიდევ ერთი ახალწვეული ნიკო გონსალესიც საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენელია - მამამისი ფრან გონსალესი „დეპორტივოს“ ლეგენდა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია, ბიძა ხოსე რამონი ასევე გამოდიოდა გალისიურ გუნდში. ისევ მამამისს რომ დავუბრუნდეთ, ფრან გონსალესი (568 შეხვედრა) ჩატარებული მატჩების რაოდენობით „დეპორის“ ყველა დროის რეკორდსმენია და ის ექვსივე ტიტული აქვს მოგებული, რაც ამ გუნდს ისტორიაში მოუპოვებია. ევრო 2000-ზე ნიკოს მამამ ესპანეთის ნაკრებში პეპ გუარდიოლასთან ერთად ითამაშა, ბოლო წლებია კი „მანჩესტერ სიტის“ აკადემიაში მწვრთნელად მუშაობს.

რამდენიმე დღის წინ პეპ გუარდიოლამ ნიკო შეაქო და მას „მინი-როდრი“ უწოდა. თავის დროზე გონსალესს „ბარსელონაში“ სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად მოიაზრებდნენ, მაგრამ ჩავი ერნანდესმა ფსონი სხვა მოთამაშეებზე გააკეთა და გონსალესს წასვლა მოუწია.

ნიკო გონსალესის საყვარელი ფეხბურთელი არა ბუსკეტი ან ჩავი, არამედ ანდრეს ინიესტაა.

რეისის ორიენტირი კი პსჟ-ს კაპიტანი მარკინიოსიაა: „ყოველთვის ვცდილობ მის თამაშს ვუყურო, რადგან მისი საქმისადმი მიდგომა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა ჩემთვის სამაგალითოა“ - აღნიშნა ვიტორმა.

ვიტორ რეისს მაგალითი შეუძლია კიდევ ერთი თანამემამულისგან, გაბრიელ ჟეზუსისგან აიღოს, რომელიც მის მსგავსად „მანჩესტერ სიტიმ“ „პალმეირასიდან“ დაიმატა და ამ ფორვარდმა 236 მატჩში თავი 95 გოლით და 45 საგოლე პასით გამოიჩინა.

რეისის ტრანსფერში უდიდესი როლი უგო ვიანას მიუძღვის, რომელიც „სიტის“ სპორტულ დირექტორად გასულ ზაფხულს დაინიშნა. ის კარგად იცნობს „პალმეირასის“ მთავარ მწვრთნელს აბელ ფერეირას, რამაც ტრანსფერის სისრულეში მოყვანაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

2022 წელს მარმუში ეგვიპტის ნაკრებს აფრიკის თასის ფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც ის და მისი თანაგუნდელები სენეგალთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ. ომარი შეცვალეს, მოჰამედ სალაჰი კი მეხუთე პენალტისტად იყო ჩაწერილი სერიის დროს და დარტყმა არ მოუწია.

ხუსანოვი რამდენიმე წლის წინ „ბუნიოდკორის“ დუბლებშიც კი არ აიყვანეს, რის გამოც მამამისმა დახმარება თავის მეგობარსა და ყაზახეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ულუგბეკ ასანბაევს სთხოვა, რომელმაც 17 წლის ფეხბურთელი ბელარუსის „ენერგეტიკში“ მოაწყო.

„ენერგეტიკში“ ხოსანოვის ხელფასი 100-200 დოლარი იყო, საიდანაც ნაწილს აგენტადქცეულ ასანბაევს აძლევდა. აქედან რამდენიმე წელიწადში კი „მანჩესტერ სიტის“ ბაზაზე პეპ გუარდიოლას და ჩიკი ბეგირისტაინს ესაუბრებოდა და ახლა მისი ხელფასი კვირაში 20 ათასი ფუნტია.

„ლანსში“ ხუსანოვის საუკეთესო მეგობარი ესპანურენოვანი მცველი ხოანერ ჩავესი იყოს, რის გამოც შეიძლება პეპ გუარდიოლას უზბეკურის, ან რუსულის სწავლა აღარ მოუწიოს.

უზბეკეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე აქამდე არასოდეს უთამაშია და ახლა ამასთან ყველაზე ახლოს არის. 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე უზბეკები მეორე პოზიციაზე არიან და მხოლოდ ირანის ნაკრებს ჩამორჩებიან, ფინალური ეტაპის საგზურს კი სწორედ ორი გუნდი იღებს.

უფროსებს შორის არა, მაგრამ აბდუკოდირს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უასპარეზია და ის და მისი თანაგუნდელები მერვედფინალამდე მივიდნენ  - სწორედ ამ ტურნირზე შეამჩნიეს ხუსანოვი „ლანსის“ სკაუტებმა. აქედან ერთი წლით ადრე აზიის 20-წლამდე ჩემპიონატზე იასპარეზა, შარშან კი პარიზის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზეც მიიღო მონაწილეობა.

ხუსანოვი ძალიან აფასებს იმ გამოცდილებას, რაც ბელარუსის „ენერგეტიკში“ მიიღო. იქ თანაგუნდელებთან ერთად დღეში ოთხჯერ ვარჯიშობდა და ხანდახან მოედნის თოვლისგან გაწმენდაც უწევდა.

მარმუში ჯარიმების შესრულების სპეციალისტია - ნოემბერში სტანდარტიდან გოლი ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა, რაც ტოპ-ლიგებში აქამდე მხოლოდ სამ ფეხბურთელს, ლიონელ მესის, ალესანდრო დელ პიეროსა და კრისტიან ფუხსს ჰქონდათ გაკეთებული.

ომარმა „მანჩესტერ სიტიში“ მე-7 ნომერი აიღო, როგორც „აინტრახტსა“ და „ვოლფსბურგის“ დუბლებში. როგორც თავად ამბობს ეს ოჯახურ ტრადიციას უკავშირდება, რადგან ბავშვობაში შვიდი ნომერი მისი ძმაც იყო, თუმცა არც კრიშტიანუ რონალდუს გავლენაა გამორიცხული, რომელიც მისთვის სამაგალითო მოთამაშეა.

უზბეკი ფეხბურთელი თავისუფლად შეიძლებოდა მანჩესტერის წითელ მხარეს აღმოჩენილიყო, რადგან 2023 წლის მაისში „იუნაიტედის“ სკაუტი ნიკოლას ჩენალი მის თამაშს არგენტინაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე აკვირდებოდა და კლუბს უზბეკის შეძენა ურჩია, მაგრამ ერიკ ტენ ჰაგმა ჩათვალა, რომ ხუსანოვი პრემიერ ლიგაში საასპარეზოდ მზად არ იყო.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში „მანჩესტერ სიტი“ და „იუვენტუსი“ ერთ ჯგუფში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ერთმანეთს ორი ნიკო გონსალესი დაუპირისპირდეს - ტურინულ კლუბში არგენტინელი ნიკო გონსალესი თამაშობს.

ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნიკო გონსალესის დებიუტი ლუის დე ლა ფუენტეს მწვრთნელობისას შედგა, რომელსაც ეს ფეხბურთელი „ფურია როხაში“ ჯერჯერობით არ მიუწვევია.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ბუნდესლიგა დიდი ხანია დატოვა, ომარ მარმუში ასისტენტთა დავას 9 საგოლე პასით ფლორიან ვირცთან ერთად ლიდერობს და თანაც, ამ უკანასკნელს მასზე ხუთი მატჩით მეტი აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ერთმორწმუნე დაუნდობელი მენტალიტეტი, რომელიც უიმედობამ შეცვალა
ერთმორწმუნე დაუნდობელი მენტალიტეტი, რომელიც უიმედობამ შეცვალა