ქართველების წარმატება MMA-ში - 4 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
სერბეთში გამართული შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. IMMAF-ის ეგიდით გამართულ ტურნირზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა და ადგილობრივი გულშემატკივრების მხრიდან საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.
18-წლამდელებს შორის კონტინენტის პირველობის ჩემპიონი გიორგი პირველი გახდა, რომელიც 56,7 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ამავე ასაკობრივ შეჯიბრებაში ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა ოთარ ბერიძე (52,2 კგ), ხოლო ნინი ცქვიტარიამ (56,7 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენ ქვეყანას წარმომადგენელი 16-წლამდელ მებრძოლებს შორის გამართულ შეჯიბრებაშიც ჰყავდა, სადაც ელენე გლურჯიძემ (48 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
MMA-ს ქართველი ახალგაზრდა მებრძოლები მსგავსი დონის საერთაშორისო ტურნირზე პირველად იმყოფებოდნენ, რისი გათვალისწინებითაც ასპარეზობის 4 მედლით დასრულება საკმაოდ კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს.