არჩევანის გაკეთება რთულია | აივერსონი ჯორდანსა და ლებრონზე
NBA-ს უდიდეს კალათბურთელებს, ლებრონ ჯეიმსსა და მაიკლ ჯორდანს მედიის წარმომადგენლები ერთმანეთს ხშირად ადარებენ და ამ თემასთან დაკავშირებით შეკითხვების დასმა საინტერესო და კომპეტენტურ რესპოდენტებთანაც არ ავიწყდებათ. ამჯერად საკითხთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთება ალენ აივერსონს სთხოვეს, რომელიც „ფილადელფია სიქსერსის“ ლეგენდა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზის წევრია.
რას ამბობს აივერსონი
აზრს ვერ ვხედავ ისტორიაში ორი ამ უდიდესი კალათბურთელის შედარებაში, რადგან ორივე ძალიან მიყვარს და როგორც ლებრონმა, ასევე მაიკლმა სპორტის ამ სახეობის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ჯეიმსი საერთოდ მიმაჩნია საუკეთესო კალათბურთელად, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია და თუ ვინმე სიტყვა კალათბურთელის აღწერას მომთხოვს, ლებრონის ფოტოს ვაჩვენებ.
თუმცა, პირადად ჩემთვის ახალგაზრდობის პერიოდში, როდესაც კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მაიკლი ყველაფერი იყო და ყოველთვის ასეთად დარჩება. მან მასწავლა მოედნის ხედვა და კალათბურთის თამაშის სურვილი გამიჩინა. მუდამ მინდოდა ჯორდანისნაირი ვყოფილიყავი, მისით აღფრთოვანებული გახლდით და ახლაც კი, როდესაც ვხედავ, ნერვიულობისგან ხელები მიოფლიანდება.
ასე რომ, ჩემთვის საკითხი ასე დგას - ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი იყო და ასეთად დარჩება მაიკლ ჯორდანი. ლებრონი კი არის იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს სრულყოფილი მოთამაშე.
ალენ აივერსონმა კარიერის მანძილზე 11-ჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩში და აქედან ორჯერ MVP გახდა, ხოლო 2001 წელს NBA-ს სეზონის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელად აღიარეს. ის სხვადასხვა დროს „ფილადელფია სიქსერსის“, „დენვერ ნაგეტსის“, „დეტროიტ პისტონსის“ და „მემფის გრიზლის“ ღირსებას იცავდა და საშუალოდ 26,7 ქულასთან ერთად, 3,7 მოხსნასა და 6,2 ასისტს აგროვებდა.