რაც ამორიმმა ვერ შეძლო - სხვანაირი ანტონი ბეტისში
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ ჩამოწერილი ანტონი ესპანეთის ლა ლიგაში არაჩვეულებრივად ათამაშდა და „ბეტისის“ ნამდვილ ლიდერად იქცა. ბრაზილიელი ვინგერის დიდი წვლილია პრიმერა დივიზიონის უკანასკნელ ტურში „სოსიედადთან“ მოპოვებულ გამარჯვებაში, სადაც პირველ ტაიმში ჯოვანი ლო სელსომ მის მიერ გამომუშავებული 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. მეორე ნახევარში კი საქმეს თავად მოჰკიდა ხელი და ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი მარკ როკას საგოლე პასი მიაწოდა. საერთო ჯამში „წითელი ეშმაკების“ დატოვების შემდეგ, ესპანეთის ლა ლიგაში „ბეტისის“ რიგებში ჩატარებულ სამივე შეხვედრაში ანტონი მატჩის MVP გახდა, სამი გოლი გაიტანა და ერთი ასისტი შეასრულა.
რა ხდებოდა „იუნაიტედში“ ასპარეზობის დროს? ბოლო 60 შეხვედრაში მან მხოლოდ 3 ბურთი გაიტანა, ანუ იმდენივე, რამდენიც სევილიურ კლუბში ჩატარებულ სამ მატჩში. „მწვანეებში“ ანტონის ათამაშება არავის გაჰკვირვებია, რადგან ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინია, რომელსაც არაერთი ჩამქრალი ვარსკვლავი დაუბრუნებია ძველებურ რელსებზე. რის ხარჯზე შეძლო სამხრეთ ამერიკელმა ძველებური კონდიციების აღდგენა, ამაზე მისი აგენტი ჟუნიორ პედროსო საინტერესოდ საუბრობს:
„ის ნამდვილად ბედნიერია, რაც როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა იგრძნობა. „ბეტისის“ სათამაშო სქემასთან ადაპტირება სწრაფად შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ესპანური ფეხბურთი იდეალურად მიესადაეგება ანტონის როგორც ფიზიკურ, ასევე ტექნიკურ სათამაშო ხარისხს. აქ რჩება სივრცეები საიმისოდ, რომ მან თავის ტექნიკა ყველას აჩვენოს, რის გამოც როგორც ჩვენ, ასევე „მანიუს“ შეფები ამ ვარიანტზე დავთანხმდით“.
აგენტიც არ უარყოფს, რომ ანტონის იჯარით აყვანა ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის გარდა, საუდის არაბეთის პრო ლიგის წარმომადგენლებსაც სურდათ, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის იდეალური ვარიანტი ესპანეთის პრიმერა დივიზიონი შეარჩიეს. აღსანიშნავია, რომ გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, „ბეტისს“ მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება და „აიაქსის“ ყოფილ ლიდერს ისევ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოუწევს დაბრუნება, რომლის მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმიც მის მიმართ უარყოფითად განწყობილი სულაც არ არის, უბრალოდ გულწრფელად უთხრა, რომ ამ ეტაპზე მისთვის „მანიუს“ ძირითადში ადგილი არ მოიძებნებოდა და უკეთესი იქნებოდა, რომ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დროებით სხვა გუნდს მიაშურებდა.
რატომ ვერ შეძლო მისი ხელმძღვანელობით ანტონიმ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ამასთან დაკავშირებით რუბენ ამორიმს ასეთი პასუხი აქვს:
„ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება, როდესაც ესა თუ ის ფეხბურთელი ერთ გუნდში ისეთი ხარისხის ფეხბურთს ვერ აჩვენებს, როგორიც შეუძლია, ხოლო მეორეში ზუსტად ისე ერწყმება სათამაშო სისტემას, როგორც მისგან მწვრთნელი და გულშემატკივრები მოითხოვენ“.
შეგახსენებთ, რომ ანტონიმ კარიერის საუკეთესო პერიოდი „აიაქსში“ გაატარა, სადაც 2-ჯერ (2021, 2022) ერედივიზიონი, ერთხელ კი ნიდერლანდების თასი (2021) მოიგო.