პსჟ VS ლივერპული - ურთიერთშეხვედრების ისტორია
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ლიგა 1-ისა და ინგლისის პრემიერ ლიგის ლიდერების დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს. „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ლივერპულს“ შორის პლეი ოფის პირველ შეხვედრას „პარკ დე პრენსი“ უმასპინძლებს, საპასუხო მატჩი კი „ენფილდ როუდზე“ გაიმართება, რამდენად კარგად იასპარეზა ხვიჩა კვარაცხელიამ მერსისაიდული გრანდის წინააღმდეგ 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, ამაზე შეხსენება არავის სჭირდება. მისი ახალი გუნდის, „სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ ურთიერთშეხვედრებს კი მდიდარი ისტორია ნამდვილად არ გააჩნია.
პარიზელებისა და „წითლების“ გზები აქამდე მხოლოდ ერთხელ გადაკვეთილა და ეს 2018 წლის შემოდგომაზე, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. მაშინ როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს გერმანელი სპეციალისტი წვრთნიდა. 18 სექტემბერს „ენფილდზე“ იურგენ კლოპის მომზადებულმა მერსისაიდელებმა ტომას ტუხელის დამოძღვრილი ფრანგები 3:2 დაამარცხეს. 36-ე წუთზე მასპინძლები დენიელ სტარიჯისა და ჯეიმს მილნერის ბურთებით იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა ტომას მუნიესა და კილიან მბაპეს ზუსტი დარტყმებით 83-ე წუთისთვის წონასწორობა აღადგინეს. გამარჯვების გოლი კი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში რობერტო ფირმინომ გაიტანა.
სტუმრად განცდილი მარცხისთვის რევანში პსჟ-მ 29 ნოემბერს საკუთარ სტადიონზე აიღო და ლივერპულელები 2:1 დაამარცხა. სამივე ბურთი პირველ ტაიმში გავიდა - მასპინძლების მარცხენა ფლანგის მოთამაშეების, ხუან ბერნატისა და ნეიმარის გოლებს, სტუმართ მხრიდან ზუსტი 11-მეტრიანით ჯეიმს მილნერმა უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგა არსებობის ისტორიაში 6-ჯერ აქვს მოგებული, „პარი სენ-ჟერმენი“ კი ამ ტურნირზე ჯერ კიდევ პირველი ტიტულის მოლოდინშია.