ბითაძის 6 ქულა - ორლანდომ ატლანტას მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ჩვენს ინტერესს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქისა“ და „ატლანტა ჰოუქსის“ დაპირისპირება იწვევდა, რომელიც ქართველი ცენტრის გუნდის გამარჯვებით 114:108 დასრულდა.
ბითაძემ შეხვედრა თადარიგიდან დაიწყო, ჯამში 15:39 წუთი ითამაშა, 6 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა დააფიქსირა, 1 ზუსტი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. გოგამ სროლების 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, იყო მომენტი, როცა „ალტანტა“ 40:21-ს იგებდა, თუმცა „მეჯიქმა“ მეორე მეოთხედი 38:25, ხოლო მესამე მეოთხედი 31:23 მოიგო და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაც გაიფორმა.
გამარჯვების მთავარი შემოქმედები ბანკერო და ფრანც ვაგნერი იყვნენ. ბანკერომ 36 ქულა, 10 მოხსნა და 5 გადაცემა მიითვალა, ვაგნერმა კი 25 ქულა, 7 მოხსნა და 5 გადაცემა. „ატლანტადან“ 35 ქულით ტრეი იანგი გამოირჩა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე რჩება. ეს პლეი-ოფში მოსახვედრად აუცილებელი გამარჯვება იყო. მომდევნო შეხვედრა „მეჯიქს“ ხვალ საკუთარ კედლებში „მემფისთან“ ელის.