ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„მნიშვნელობა არა აქვს, ვისთან იჩხუბებს - ილიას უარს არ ეტყვის“ - მახაჩევის მწვრთნელი

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, რომელსაც ხაბიბ ნურმაგომედოვთან, კეინ ველასკესთან, დენიელ კორმიესთან და სხვა ლეგენდებთან უმუშავია, ილია თოფურიასთან შესაძლო ჩხუბზე ილაპარაკა.

მენდესის თქმით, მახაჩევს სულ რაღაც 2 თვე სჭირდება, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის მოემზადოს.

„ისლამისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვისთან იჩხუბებს. ის ილიას არას არ ეტყვის - თუ თოფურია იქნება ის, ვისაც შესთავაზებენ, მაშინ ისლამი მასთან ჩაატარებს ბრძოლას. ის ისეთია როგორიც არის - ნამდვილი მებრძოლი. ჩვენ ჩემპიონები ვართ. არც ერთ მოწინააღმდეგეზე არ უნდა ვთქვათ უარი, რომელიც გზაზე შეგვხვდება“, - თქვა ხავიერ მენდესმა.

გუშინ MMA-ს ცნობილმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა, არიელ ჰელვანიმ დაწერა, რომ მახაჩევი-თოფურიას ჩხუბი წლის ბოლოს გაიმართება.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს. ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა.

შესაბამისად, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახდება, „მატადორი“ კი ძალებს ახალ დივიზიონში მოსინჯავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის მიმდინარე წლის აპრილში ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იჩხუბებენ, მათი ბრძოლა UFC 314-ზე შედგება, მსუბუქ წონაში ილია თოფურიას მეტოქე კი მოგვიანებით გაირკვევა.

თოფურიამ ჩემპიონის ქამარი გასული წლის თებერვალში დაისაკუთრა, როდესაც სატიტულო ბრძოლაში სწორედ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ამის შემდეგ თოფურიამ ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში დაიცვა.

მსგავსი სიახლეები