გოჩოლეიშვილი VS ბუდუ - 120 წუთიანი დრამა დანიელებმა მოიგეს
კონფერენს ლიგის პლეი-ინის განმეორებით შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენს“ უმასპინძლა და 120-წუთიან ბრძოლაში 1:3 დამარცხდა.
გერმანელებს პირველი შეხვედრა სტუმრად 2:1 ჰქონდათ მოგებული, საკუთარ მოედანზე კი 90 წუთში 1:2 წააგეს და შეხვედრა დამატებით ტაიმებამდე მივიდა, სადაც დანიელები უკეთესები აღმოჩნდნენ, ისევე როგორც მთლიანად 120 წუთში.
გადამწყვეტი გოლი 114-ე წუთზე ჰუესკასმა გაიტანა, რომელმაც „ჰაიდენჰაიმის“ მცველების ბავშვურ შეცდომას მოჰყვა.
რაც შეეხებათ ქართველებს, ორივე მათგანი სასტარტოში იყო. გოჩოლეიშვილმა 90 წუთი ითამაშა, ასევე პირველი დამატებითი ტაიმიც და მეორეს დაწყების წინ შეცვალეს. ჯამში კარგი მატჩი ჰქონდა, შეტევაში აქტიურობდა და მეორე ტაიმში პენალტიც მოიპოვა, რომელიც დაიკსმა გოლად აქცია. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა.
ბუდუც სასტარტოში იყო და შეხვედრა მანაც სრულად ჩაატარა. გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა არ გაუმართლა, რიგ ეპიზოდებში მიზანმა უმტყუნა, ასევე იღბალმაც. 120-ე წუთზე მისი დარტყმული გუნდელს ხელზე მოხვდა და გატანილი გოლი ასე გაუქმდა.
აქვე გეტყვით, რომ 1/8-ფინალების წილისყრა ხვალ 17:00-ზე გაიმართება. „კოპენჰაგენის“ მეტოქე „ჩელსი“ ან „ვიტორია გიმარაეში“ იქნება.