პატიმრობას გადაურჩა - რუბიალესის სასამართლო დასრულდა
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობას გადაურჩა. ლუის რუბიალესის საქმეზე სასამართლო მოსმენა 3 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა. განიხილებოდა ესპანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრის ჯენიფერ ერმოსოსთან დაკავშირებული საქმე, რომელსაც რუბიალესმა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ ტუჩებში აკოცა.
საქმის პროკურორი რუბიალესისთვის 2,5-წლიანი პატიმრობის გარდა, 1,5-წლიან სასჯელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი სპორტული დირექტორისთვის ალბერტ ლუკესთვის, ქალთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელისთვის ხორხე ვილდასთვის და ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის ყოფილი მენეჯერისთვის რუბენ რივერასთვის ითხოვდა, რომლებიც დაჟინებით ამტკიცებდნენ ერმოსოს პრეზიდენტმა მასთან თანხმობის შემდეგ აკოცა. ვერდიქტი კი ასეთი დადგა - რუბიალესს ერმოსოსთან 200 მეტრის რადიუსზე მიახლოება ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა. გარდა ამისა, მომდევნო 18 თვის მანძილზე ყოველდღიურად ჯარიმის სახით 20 ევროს გადახდა მოუწევს, რაც ჯამში 10 ათას ევროს უტოლდება.
შეგახსენებთ, რომ ლუის რუბიალესი მადრიდის აეროპორტში 2024 წლის აპრილში დააკავეს, როდესაც სამშობლოში დომენიკის რესპუბლიკიდან ბრუნდებოდა. თუმცა, გირაოს სანაცვლოდ მალევე გაანთავისუფლეს და პატიმრობაში მხოლოდ რამდენიმე დღე გაატარა.