„ამის შესახებ მეც ახლახან გავიგე“ - ვოლკანოვსკი თოფურიას გადაწყვეტილებას ეხმაურება
UFC-ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და უკვე ოფიციალურად ჩემპიონობის კანდიდატმა, ალექსანდრ ვოლკანოვკსიმ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ აპრილში მასთან რემატჩს ელოდებოდა. ვოლკანოვსკიმ „მატადორს“ წარმატება უსურვა.
რას ამბობს ვოლკანოვსკი:
გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ინფორმაციის შესახებ მეც ახლახან გავიგე. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. რამდენიმე დღის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ლოპესთან უნდა მებრძოლა. აქამდე ვიცოდი, რომ ჩხუბი აპრილში გაიმართებოდა, მაგრამ მეტოქის შესახებ არ ვიყავით დარწმუნებულნი.
თოფურიას გადაწყვეტილებაზე ზუსტი პასუხი ჯერ კიდევ არ ვიცი. აქამდეც ლაპარაკობდა წონის შეცვლაზე, მაგრამ არ მეგონა, ამას ახლა თუ გააკეთებდა. ვიცოდი, რომ მეტოქე ილია, ან ლოპესი იქნებოდა... მე მხოლოდ ილიასთვის ვემზადებოდი, რადგან როდესაც ჰოლოუეი დაამარცხა, გალიაში ერთმანეთთან პირისპირ დავდექით.
მაშინ მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი რემატჩის ჩანიშვნაზე დარწმუნებულები არ იყვნენ, ამიტომ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა რაღაც შეცვლილიყო. მაგრამ არა უშავს, მას წარმატებას ვუსურვებ, მე კი აპრილისთვის დიეგო ლოპესთან ჩხუბისთვის მოვემზადები. ბანაკი რამდენიმე კვირის დაწყებული მაქვს და მას შესაბამის ფორმაში შევხვდები.
ლოპესი აშკარად საშიში ბიჭია. ილიასთან ცოტა განსხვავებული ბრძოლა მექნებოდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე სახიფათო ბიჭია. ნამდვილად რთულ ბრძოლას ველოდები. ძალიან აღელვებული ვარ, მინდა, რომ ყველას საუკეთესო ბრძოლა ვაჩვენო და გულშემატკივრები აღფრთოვანებული დავტოვო.
თავს მშვენივრად ვგრძნობ და დღითიდღე უფრო უკეთესი ვიქნები. ლოპესს პატივს ვცემ, ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ მას საშინელება ელის. რა თქმა უნდა, ბრძოლას სრული სერიოზულობით ვუდგები და მას მარტივ მეტოქედ არ ვთვლი, მაგრამ აპრილში თქვენ ვოლკის საუკეთესო ვერსიას იხილავთ. დარწმუნებული ვარ, ის ოქტაგონზე გასვლას და ქამრის მოგებას გეგმავს, მაგრამ ვწუხვარ მეგობარო, ასე ნამდვილად არ იქნება. თუმცა, მიხარია, რომ ახლა აქ, ამ პოზიციაზე ხარ და ქამრისთვის ჩხუბის შესაძლებლობა გეძლევა, ამას ნამდვილად იმსახურებ. მაგრამ მე ისევ აქ ვარ და შენ შანსი არ გექნება, ბოდიში, მეგობარო.
ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის ბრძოლა მიმდინარე წლის აპრილში, UFC 314-ზე გაიმართება, მსუბუქ წონაში ილია თოფურიას მეტოქე კი მოგვიანებით გაირკვევა. გავრცელებული ინფორმაციით, UFC „მატადორისა“ და ისლამ მახაჩევის ბრძოლის ორგანიზებაზე მუშაობს.