ნაბიჯი მესის რეკორდამდე - სალაჰი აზარს დაეწია
მოჰამედ სალაჰი მიმდინარე სეზონში უბრალოდ შეუდარებელია და მატჩი ისე არ ჩაივლის, რომ თავი შედეგიანი მოქმედებით არ გამოიჩინოს. ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა „ვილა პარკზე“ „ასტონ ვილასთან“ (2:2) ფრედ დასრულებული მატჩი, რომელშიც ეგვიპტელი მერსისაიდული გრანდის რიგებში ამჯერადაც გამოირჩეოდა. 29-ე წუთზე აფრიკელმა ანგარიში გახსნა, ხოლო 61-ე წუთზე მისი პასით ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ლივერპულელებს ქულა გადაურჩინა. ეს იყო რიგით მე-10 მატჩი მიმდინარე პრემიერ ლიგაში, სადაც სალაჰმა ბურთის გატანასთან ერთად, ასისტიც შეასრულა და კიდევ ერთ თამაშსაც თუ ჩაატარებს ასეთივე შედეგიანობით, ლიონელ მესის მიერ 2014-2015 წლებში დამყარებულ რეკორდს გაიმეორებს, რომელმაც ლა ლიგის 11 მატჩში შეძლო გოლითა და საგოლე პასითა თავის გამოჩენა.
თუ მესის მიღწევამდე ერთი თამაში აშორებს, ედენ აზარის რეკორდი სალაჰმა უკვე გაიმეორა. ბელგიელი აქამდე ერთადერთი იყო პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში მინიმუმ 15 გოლი გაიტანა და 15 ასისტი შეასრულა. „ასტონ ვილასთან“ არნოლდისთვის გაკეთებული გადაცემა კი სალაჰისთვის პრემიერ ლიგაში სწორედ მე-15 გამოდგა. 15 ასისტთან ერთად ეგვიპტელის აქტივში 24 გოლიცაა, რითაც 2018-2019 წლებში აზარის (16 გოლი, 15 ასისტი) ნაჩვენებ შედეგს საგრძნობლად აღემატება. მთლიანად ამ სეზონში სალაჰის ანგარიშზე ყველა ტურნირს თუ მივიღებთ მხედველობაში, 37 მატჩი, 29 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.
32 წლის ეგვიპტელზე საუბარს ვეტერანი ფეხბურთელის რიო ფერდინანდის შეფასებით დავასრულებთ, რომელმაც განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი „რეალთან“ ერთად „ლივერპულია“, რადგან „წითლებს“ მოჰამედ სალაჰის სახით ჰყავთ ფეხბურთელი, რომელსაც თავისი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.