საქმეში ევერტონი ერთვება - ჩაკვეტაძე ზაფხულში მიდის
გიორგი ჩაკვეტაძის შესანარჩუნებლად „უოტფორდს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს უდიდესი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდება. ცნობილი გამოცემა Football League World-ის ცნობით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატების სერიოზულ სურვილს „ევერტონი“ გამოთქვამს და ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში დაიწყება.
ჩაკვეტაძემ, რომელსაც ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მიმდინარე ჩემპიონშიპში გამართულ 34 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა მიუხედავად არცთუ ნაყოფიერი სტატისტიკისა, ის „უოტფორდის“ წამყვანი ფეხბურთელია და მისი დაკარგვა გუნდისთვის დიდი დარტყმა იქნება.
დევიდ მოიესი, რომელიც ლივერპულური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს ახლახანს დაუბრუნდა, მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს, ნახევარდაცვაში კი სწორედ ისეთი კრეატიული ფეხბურთელი სჭირდება, როგორიც გიორგია.
ჩაკვეტაძესა და „უოტფორდს“ ჩემპიონშიპის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე კიდევ 13 მატჩი დარჩათ გასამართი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეათე ადგილზე არიან, პლეი ოფის ზონაში მოხვედრისთვისაც დიდი ბრძოლა დასჭირდებათ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ტრანსფერის დადასტურების შემთხვევაში, ქართველ ფეხბურთელს „კანფეტების“ ახალ სტადიონზე მოუწევს თამაში, რომელზეც კლუბი სექტემბრიდან გადადის და ძველ „გუდისონ პარკს“ ამ სეზონის დამთავრებისთანევე დაემშვიდობება.
თავისუფლად შეიძლებოდა ჩაკვეს სატრანსფერო ღირებულება ამჟამინდელთან შედარებით უფრო იაფი ყოფილიყო, მაგრამ სექტემბერში „უოტფორდმა“ მასთან ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რითაც სამომავლო ინვესტიციას ჩაეყარა საფუძველი. ქართველი ნახევარმცველის თაობაზე მისი ახლანდელი მთავარი მწვრთნელი საკმაოდ მაღალი წარმოდგენისაა. ტომ ქლევერლი თვლის, რომ გიორგი არის ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ საქმეს ჩუმად, უსიტყვოდ ასრულებს, რის გამოც ახალგაზრდებისთვის მისაბაძია და იმედს გამოთქვამს, რომ „უოტფორდის“ განუყოფელი ნაწილი ის კიდევ დიდხანს იქნება.
ცნობისათვის, ინგლისური გამოცემის ცნობით, „ევერტონის“ წარმომადგენლები კვირას, „უოტფორდი“ – „ლუთონის“ მატჩზე აპირებენ დასწრებას, რომლის დასრულების შემდეგაც ჩაკვეტაძის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების პირველ ეტაპს გამართავენ.