გუარდიოლა: „ალბათ ჩემი ეპოქა დასრულებულია“
პეპ გუარდიოლამ „რეალის“ წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა, ბოლო ოთხი თამაშია კი მისი მომზადებული „მანჩესტერ სიტი“ სამეფო კლუბთან ფრესაც ვერ აღწევს და მარცხდება. შესაბამისად, „ქალაქელები“ ორი შეხვედრის ჯამში მადრიდელებთან 3:6 დამარცხდნენ და მის კარიერაში პირველად მოხდა, რომ პეპის მომზადებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვერ გავიდა.
ასეთი მძიმე შედეგიდან გამომდინარე, ჟურნალისტმა გუარდიოლას მიმართა სრულიად ლოგიკური შეკითხვით, ხომ არ არის ეს მისი სამწვრთნელო ეპოქის დასასრული, რაზეც თითქმის დადებითი პასუხი მიიღო.
რას ამბობს გუარდიოლა
ჩემი ეპოქის დასასრულია? რაღაც მომენტში კი, რადგან წარმატებებს მუდამ ვერავინ აღწევს. ინგლისის პრემიერ ლიგა ბოლო შვიდ წელიწადში ექვსჯერ მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგაში ყოველ წელს გავდიოდით მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში... შემრჩა თუ არა ძალა მუშაობის გასაგრძელებლად? გაჩერებას არ ვაპირებ.
ვიღებ რეალობას, რომელიც ამჟამად ასეთია - „რეალი“ ჩვენზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა. ხანდახან რომელიმე გუნდი მომდევნო ეტაპზე დაუმსახურებლად გადის და ამის თქმა უფრო „მანჩესტერ სიტი“ – „რეალის“ შარშანდელ დაპირისპირებაზე შეიძლება, წელს კი კასტილიელებმა ყველა კომპონენტში გვაჯობეს.
ცნობისათვის, „ბარსელონაში“, „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ მუშაობისას, გუარდიოლამ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებული 27 მატჩიდან 13 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 8 წააგო.