„მის თამაშში ბევრი პოზიტივი იყო, ყველაზე მეტი მომენტი შექმნა“ - ფრანგული მედიის შეფასება
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო მატჩში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ბრესტს“ უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზონაში კარიერაში პირველად შეძლო თავის გამოჩენა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანგულმა მედიამ ხვიჩას თამაში შეაფასა. გავლენიანმა სააგენტოებმა ქართველ ფეხბურთელს სხვადასხვა ქულები დაუწერეს.
რას წერენ მედიაში:
Lequipe – 6 ქულა: თამაში მარჯვნიდან დაიწყო, თუმცა პოზიციებს მუდმივად ცვლიდა. ხან ცენტრში გადადიოდა, ბოლოს კი მარცხნივ დაასრულა. გოლი უკიდურესი კუთხიდან გაიტანა და დარტყმა მარტივად შესასრულებელი ნამდვილად არ იყო. მთელი თამაშის განმავლობაში ბევრს ცდილობდა, ჰქონდა როგორც პოზიტიური ეპიზოდები, ისე ნეგატიურიც, მაგრამ გუნდთან შერწყმას ყველანაირად ცდილობდა. ბოლომდე შეთამაშებული ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ პროგრესი ნამდვილად იგრძნობა.
Eurosport – 8 ქულა: პარიზული გუნდის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა, რომელიც თავშეკავებულად იზეიმა, ეს კი მისი ღირსეული დამოკიდებულებისკენ მიუთითებს. ბრესტის დაცვის გადალახვა უჭირდა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ამ კოლექტივად ადაპტაცია წარმატებით მიმდინარეობს. დუეს გოლის ეპიზოდში ჭკვიანური მოქმედებით პრეასისტი მიითვალა, შემდეგ კი მაიულუსთან საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
Maxifoot – 8 ქულა: ამ საღამოს მის თამაშში ბევრი პოზიტივი დავინახეთ. ჩამოსვლის შემდეგ ჯერ კიდევ გაუბედავმა ქართველმა „ბრესტის“ დაცვაში არსებული სივრცეებით კარგად ისარგებლა და გოლის გატანა შეძლო, შემდეგ კი მაიულუს საგოლე გადაცემა გაუკეთა. მან მეხუთე გოლის ეპიზოდშიც შეიტანა თავისი წვლილი.
Paristeam – 8 ქულა: მარჯვენა მხარეს განწესებულ ქართველს ჯერ კიდევ აკლია შეთამაშება თავის პარტნიორებთან, მაგრამ ბურთის მიღებისას ყოველ ჯერზე თავის დონეს გვაჩვენებდა. გოლის გატანა არც თუ ისე ხელსაყრელი პოზიციიდან შეძლო, შემდეგ კი მაიულუსთან გადამწყვეტი პასით გამოირჩა.
Flashscore – 9 ქულა: ამ საღამოს, გოლი შვიდმა მოთამაშემ გაიტანა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე გვინდა ხაზგასმა - პსჟ-ის ახალ შვიდიანზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე. მან შეუცვლელად ითამაშა და ამით საკმაოდ კარგად ისარგებლა, ის მთელი თამაშის განმავლობაში ბრწყინავდა. კვარაცხელიამ მოედანზე ყველაზე მეტი მომენტი შექმნა - 3, ჰქონდა ყველაზე მეტი დრიბლინგი - 6 და მოიგო ყველაზე მეტი დუელი - 10. ეს მატჩი ნამდვილად შევა მის კარიერაში როგორც ერთ-ერთ საუკეთესოდ. ჩვენი ვერსიით, ის ამ თამაშის MVP გახდა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის პსჟ-ის მაისურით ეს მეორე გოლი იყო. ქართველმა შემტევმა თავი პირველად ლიგა 1-ში, „მონაკოს“ წინააღმდეგ გამოიჩინა. ამასთან, 24 წლის ფეხბურთელს ორი საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე პსჟ „ბარსელონას“, ან „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. ეს 21 თებერვალს გასამართ წილისყრაზე გახდება ცნობილი. პსჟ მომდევნო შეხვედრას 23 თებერვალს, სტუმრად გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ წინააღმდეგ გამართავს.