ატალანტა, ჯან პიერო გასპერინი
Aa
Aa

გასპერინის სამიდან ერთი დარჩა - სამ კვირაში დამსხვრეული ოცნება

„ჩვენი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და არამხოლოდ ამ ტურნირის - წლევანდელ სეზონში ტრიპლეტის შესრულებას ვისახავთ მიზნად“ - ეს სიტყვები „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ 19 იანვარს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის ბოლო ტურში „ბარსელონასთან“ (2:2) სტუმრად ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ თქვა. თუმცა, რეალობა სულ სხვაგვარია - ახლა, იმ განცხადებიდან სამი კვირის თავზე, ბერგამოული კლუბი ჯერ კოპა იტალიიდან, შემდეგ კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირიდან გავარდა და ევროპა ლიგის შარშანდელი ჩემპიონი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რომ სეზონი უტიტულოდ დაასრულოს.

„ატალანტას“ თავისუფლად შეეძლო ჯგუფური ფაზა საწყის რვა გუნდს შორის დაესრულებინა, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში არ გაუმართლა, მეცხრე ადგილზე გავიდა და პლეი-ინის თამაში მოუწია, სადაც ბელგიის „ბრიუგესთან“ ორი მატჩის ჯამში 2:5 დამარცხდა. ბერგამოულმა კლუბმა რვა მატჩში 20 გოლი გაიტანა, რითაც „ლივერპულს“, „არსენალსა“ და „ინტერს“ აჯობა და მხოლოდ 6 ბურთი გაუშვა, რაც „ბარსელონას“, „ატლეტიკოსა“ „ლილის“ მაჩვენებლებს აღემატებოდა. მხოლოდ ქულა დააკლდა გასპერინის კრებულს, რომ პირდაპირ მერვედფინალში მოხვედრილიყო და ყველაზე დასანანი ალბათ „სელტიკთან“ (0:0) დაფიქსირებული შედეგი იყო, სადაც ბერგამოელებმა იმდენი მომენტი შექმნეს, 5:0 რომ მოეგოთ, გასაკვირი არავისთვის იქნებოდა.

სწორედ მომენტების გამოუყენებელობის გამო დაემშვიდობა „ატალანტა“ იტალიის თასის გათამაშებასაც - „ბოლონიასთან“ საკუთარ მოედანზე გოლის გატანასთან ბერგამოელები ახლოს არაერთხელ იყვნენ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს, ხოლო საპირისპიროდ, ერთ-ერთი სტანდარტისას, სანტიაგო კასტრო ყველამ უყურადღებოდ დატოვა და ამ უკანასკნელმა გამარჯვების ბურთი გაიტანა. რაც შეეხება სერია A-ს, უკანასკნელ ხუთ ტურში გუნდმა სამი ფრე ითამაშა, ერთხელ მოიგო და ერთხელ დამარცხდა, რის გამოც ლიდერ „ნაპოლისთან“ 5-ქულიანი ჩამორჩენა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შარშანდელი სენსაციის ავტორები - როგორ გრძელდება მათი ისტორია
შარშანდელი სენსაციის ავტორები - როგორ გრძელდება მათი ისტორია