ნაყოფიერი შეკრება და ახალწვეულები - ჩემპიონმა მზადება დაასრულა
2024 წლის Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებულ „იბერიას“ წელს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება - ლევან კორღალიძის მომზადებულმა გუნდმა საქართველოს სახელი უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა დაიცვას და პარალელურად, შიდა ასპარეზზე ტიტულის შენარჩუნებაზე იზრუნოს. საამისოდ, ბუნებრივია კარგ მომზადებასთან ერთად, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და კვალიფიციური ახალწვეულების მოყვანაა საჭირო და თამამად შეიძლება ითქვას რომ „იბერიამ“ სამივე კომპონენტს მეტ-ნაკლებად წარმატებულად გაართვა თავი.
თბილისში გატარებული რამდენიმედღიანი შეკრების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი თურქეთში გაემგზავრა, ოთხი საკონტროლო თამაში ჩაატარა და ერთხელაც არ დამარცხებულა. კოსოვოს „დრიტასთან“ (1:1) ფრედ დასრულებულ შეხვედრაში თავი ოთო მამაგეიშვილმა გამოიჩინა, რომელიც მაშინ მშობლიური კლუბიდან ჯერ კიდევ არ იყო წასული. ამას მოჰყვა ჩრდილოეთ მაკედონიის „ვარდართან“ (0:0) უგოლო ყაიმით დამთავრებული მატჩი, რის შემდეგაც თბილისელებმა ყაზახეთის „კაირატს“ (1:0) ირაკლი სიხარულიძის გოლით აჯობეს. შეკრების ბოლოს კი „იბერიამ“ ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა და მოლდოვის „პეტროკუბი“ (3:0) იური ტაბატაძის დუბლითა და გიზო მამაგეიშვილის ერთი ბურთით დაამარცხა.
კლუბის ერთგული გულშემატკივრების სამწუხაროდ, გუნდი დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა და შარშანდელი Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ნახევარმცველმა ოთარ მამაგეიშვილმა, თუმცა მას ისეთი შემოთავაზება ჰქონდა, რომელზეც უარის თქმა არაფრით არ შეიძლებოდა - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კონტრაქტი პორტუგალიის პრიმეირა ლიგის წარმომადგენელ „ფამალიკაოსთან“ გააფორმა. „იბერიადან“ სლოვაკეთის „დუნაისკა შტრედაში“ წავიდა მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე, რომელმაც შარშანდელ ჩემპიონატში 7 საგოლე პასი გააკეთა და ასისტენტთა დავაში მხოლოდ „ტორპედოს“ ბრაზილიელ ლეგიონერ ფელიპე პირესს (10) ჩამორჩა. სლოვაკეთში განაგრძობს ასევე კარიერას ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ალექსანდრე ნარიმანიძე, რომელმაც „ჟილინას“ რიგები შეავსო. მთავარი დანაკარგი კი რა თქმა უნდა, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის საუკეთესოდ მოთამაშედ დასახელებული გიორგი კოხრეიძის კონკურენტ გუნდში გადასვლაა - მან „იბერია“ დატოვა და ქუთაისის „ტორპედოსთან“ გააფორმა კონტრაქტი.
ლიდერების წასვლის პარალელურად, „იბერიამ“ სერიოზული შევსება მიიღო. თბილისელებმა სურინამელი დორასო კლასის სახით მხოლოდ ერთი უცხოელი მოთამაშე დაიმატეს - 23 წლის ნახევარმცველი ბოლოს ბელგიის „დეინცში“ ასპარეზობდა, იქამდე კი ნიდერლანდების კლუბებში „დენ ბოსხსა“ და „დენ ჰააგში“ აქვს ნათამაშები. ასევე სერიოზული ძალაა ნიკა ხორხელი, რომელიც „სამგურალიდან“ ერთწლიანი იჯარით მოვიდა, თუმცა „იბერიას“ მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნება. თავდასხმის ხაზს გააძლიერებს „დინამო თბილისის“ ყოფილი კაპიტანი დავით სხირტლაძე - ის ბოლოს თურქეთის „ქოჯაელისპორის“ ღირსებას იცავდა. ლუკა სილაგაძე კი, „იბერიას“ 2-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება - ლუკა ამ გუნდში 2023 წელსაც ასპარეზობდა, 36 მატჩში 12 გოლი გაიტანა და საქართველოს თასის მფლობელიც გახდა. მისი ბოლო გუნდი ლატვიური RFS-ი იყო, სადაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულთან ერთად, თასიც მოიპოვა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩის ჩატარება მოასწრო. ყურადღებამისაქცევია „ვიტ ჯორჯიადან“ ახალგაზრდა ფორვარდის ამირან ძაგანიას ტრანსფერი - მან წინა წელს Crystalbet ეროვნულ ლიგა 2-ში 20 ბურთი გაიტანა და კარგი საგოლე ალღოთი გამოირჩევა.
საქართველოს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2025 წლის სეზონი სწორედ ქვეყნის ჩემპიონის მატჩით გაიხსნება - 28 თებერვალს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე „იბერია“ - თელავის“ შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.