ოფიციალურად - თოფურია ჩემპიონის ტიტულს ვაკანტურს გახდის
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია საჩემპიონო ტიტულს ვაკანტურს გახდის და მსუბუქ წონაში იასპარეზებს. ამის შესახებ ყველაზე პრესტიჟული პრომოუშენის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა.
დენა უაითი:
„თოფურია თვლის, რომ ამ წონით დივიზიონში თავისი თავი ამოწურა და დატოვა მემკვიდრეობა, ხოლო მას ამ წონის დაფიქსირება აღარ შეუძლია. ასე რომ, ის მსუბუქ წონაში გადაინაცვლებს და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულს ვაკანტურს გახდის.
როგორც კი ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის ჩხუბი დაიწყება, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტული ვაკანტური გახდება. როდესაც თოფურიას მომდევნო მეტოქის ვინაობა გაირკვევა, ჩვენ ამას გაცნობებთ“.
აქვე გეტყვით, რომ ვოლკანოვსკისა და ლოპესის ჩხუბი UFC 314-ზე, 12 აპრილს, მაიამიში გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, ხოლო თანამთავარ მოვლენაში ერთმანეთს მსუბუქი წონის მებრძოლები, პედი პიმბლეტი და მაიკლ ჩენდლერი დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ჩემპიონის ქამარი გასული წლის თებერვალში დაისაკუთრა, როდესაც სატიტულო ბრძოლაში სწორედ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ამის შემდეგ თოფურიამ ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში დაიცვა.