ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

Sport: დროა ბუდუმ კვანძი გახსნას, გუნდს მისი იმედი აქვს

ცნობილი გერმანული გამოცემა Sport.de „ჰაიდენჰაიმისა“ და ბუდუ ზივზივაძის შესახებ წერს.

გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ კლუბის გეგმაზე, რომელიც ბუდუს ტრანსფერს ემყარებოდა, თუმცა მათი გეგმა ჯერჯერობით ვერ მუშაობს და გუნდს ბუნდესლიგიდან გავარდნა ემუქრება.

„ჰაიდენჰაიმსაც და ფრანკ შმიდტსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბუდუ ზივზივაძის შეძენა მათთვის კვანძის გამხსნელი მომენტი იქნებოდა. გუნდს გამტანი ცენტრფორვარდი სჭირდებოდა, რომელიც მათ მდგომარეობას სასიკეთოდ შეცვლიდა, თუმცა ჯერჯერობით ქართველ ფორვარდს უგოლო სერია აქვს. ის ბუნდესლიგაში თავის სადებიუტო გოლს ჯერაც ელოდება.

ჰაიდენჰაიმი ჯერაც გასავარდნ ზონაშია და გუნდი სიტუაციის გამოსწორებას ვერ ახერხებს. ასევე რთულ მდგომარეობაშია და ზივზივაძის ყოფილი გუნდი კარლსრუე, რომელიც თავისი მთავარი ფორვარდის (12 გოლი) გარეშე დარჩენის შემდეგ, სატურნირო ცხრილში საგრძნობლად დაქვეითდა. გუნდის კაპიტანი მარვინ ვანიცეკი Sky-ისთან საუბრისას ქართველის როლს ხაზს უსვამს:

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას იმედი გვქონდა, რომ ბუდუს ნებისმიერ ფასად შევინარჩუნებდით. მისი გაყიდვით კლუბმა ბუნდესლიგაში დაწინაურების შანსი გაუშვა ხელიდან. სეზონის პირველი ნახევარი მეორე ადგილზე დავასრულეთ“.

რამდენიმე კვირაში ზივზივაძე 31 წლის ხდება და ქართველს ალბათ ბუნდესლიგაში თამაშის მეტი შანსი არ ექნებოდა. გადაწყვეტილების მიზეზი სავარაუდოდ ეს არის. მით უმეტეს, რომ ჰაიდენჰაიმმა მას 4.5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ეს ვეტერანი ფორვარდისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობა იყო, რომელიც კარლსრუემ 2 მილიონ ევროდ გაყიდა.

თუმცა ბუდუს ეს გარემოებები ახლა ვერ გაახარებს. გასაგებია, თუ რამდენად რთულია მაღალი დონის თავდამსხმელისთვის უგოლო სერია. 8 მატჩიდან მან 7 სასტარტოდან დაიწყო, მაგრამ გოლების გრაფაში კვლავ ნული წერია.

გამოცდილი ფორვარდი ჰაიდენჰაიმისთვის განიხილებოდა, როგორც დაუყოვნებლივი დახმარება - მისი ცივსისხლიანობა, ფიზიკური ძალა შეტევაში, რომელიც პირველ წრეში გუნდს ძალიან აკლდა. ჯერჯერობით ამ გეგმამ არ გაამართლა და გუნდს დაქვეითება ემუქრება. დროა უკვე ზივზივაძემ დასაწყისში ნახსენები კვანძი გახსნას“.

- წერს გერმანული გამოცემა.

22 ტურის შემდეგ, „ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება, რაც მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან პლეი-აუტში თამაშის საშუალებას იძლევა. ამდენივე ქულა აქვს (ბურთების უარესი შეფარდებით) „ბოხუმს“, ხოლო 13 ქულით ბოლო ადგილზე „ჰოლსტენ კილი“ იმყოფება. სამივე აუტსაიდერისთვის მთავარი საზრუნავი 21-21 ქულიანი „ჰოფენჰაიმისა“ და „ზანქტ პაულის“ გადასწრებაა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბუდუს გაყიდვის შემდეგ, „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგაში 7 მატჩი ჩაატარა, 6 წააგო და 1 ფრედ ითამაშა. ბოლოს მათ გამარჯვება 21 დეკემბერს სტუმრად „პადერბორნთან“ (2:1) შეძლეს, სადაც გოლს + საგოლე გადაცემით ზივზივაძე გამოირჩა (ბუდუსთვისაც ეს მატჩი ბოლოა, სადაც გოლის გატანა შეძლო).

თუ, ქართველ ფორვარდთან ერთად „კარლსრუე“ ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად იბრძოდა და პირველ-მეორე პოზიციებს იკავებდა, ამჟამად გუნდი უკვე მე-10 ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 9 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამჟამად კვარა ძირითადის მოთამაშე არ არის, თუმცა ვიცით მას რაც შეუძლია“
„ამჟამად კვარა ძირითადის მოთამაშე არ არის, თუმცა ვიცით მას რაც შეუძლია“