„ამჟამად კვარა ძირითადის მოთამაშე არ არის, თუმცა ვიცით მას რაც შეუძლია“
L'Equipe-ის ჟურნალისტი ლოიკ ტანზი ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით პსჟ-ს სათადარიგო მოთამაშედ ითვლება, თუმცა პარიზში მის მიმართ დიდი მოლოდინებია.
„როგორც კოლექტივი, პსჟ ამჟამად ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა, ლუის ენრიკეს გუნდში მაინც არიან მოთამაშეები, რომლებიც ინდივიდუალურად გამორჩეულები არიან, მაგალითად, უსმან დემბელე.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მისგან ველით, რომ დიდ მატჩებში გუნდს გაუძღვება და გოლებსაც გაიტანს. მან მოედანზე განსხვავება უნდა შექმნას. ეს ნამდვილად შეუძლია. ის ამჟამად მოხვდა გუნდში, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, დიდი კონკურენციაა. ამ მომენტისთვის კვარა სათადარიგო სკამის მოთამაშეა. დღეისთვის ბარკოლა, დემბელე და დუე უკეთეს ფორმაში არიან“.
წამყვანი ფრანგული გამოცემების უმრავლესობა ერთხმად აღნიშნავს, რომ „ბრესტთან“ განმეორებით შეხვედრაში კვარაცხელია კვლავ თადარიგში დარჩება და მის ნაცვლად ადგილს დეზირე დუე დაიკავებს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია, საბოლოო გადაწყვეტილებას ლუის ენრიკე მიიღებს.