“ის იდიოტი გამოხტა და დაგვეხმარა“ - ჰოიდონკი ტეო ერნანდესზე
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში მილანმა ფეიენოორდს უმასპინძლა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს დაემშვიდობა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და როსონერიმ ორი მატჩის ჯამში 1:2 წააგო.
ნიდერლანდელთა ამ გამარჯვებაში წვლილი ტეო ერნანდესმა შეიტანა, რომელიც სულელური ყვითელი ბარათების გამო მოედნიდან გააძევეს. სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდნენ როტერდამელები და წონასწორობა აღადგინეს.
მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში, ფრანგი უკანახაზელის არასწორი ქმედება ნიდერლანდელმა ყოფილმა ფეხბურთელმა პიერ ვან ჰოიდონკმა შეაფასა.
ჰოიდონკი:
„მსოფლიომ კიდევ ერთი გიჟური ევროპული საღამო იხილა. ფეიენოორდი უამრავი ტრავმის და პრობლემების გამო გატეხილი იყო. ყველაფერი ცუდად მიდიოდა, თუმცა მოულოდნელად ის იდიოტი ტეო ერნანდესი გამოხტა და დაგვეხმარა. ფეიენოორდისთვის ასეთ რთულ პერიოდში, ასეთი წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია.“
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდური გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ლონდონის არსენალს ან ინტერს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ჰოიდონკი ფეიენოორდის ღირსებას 2001/2003 და 2006/2007 წლებში იცავდა. ჯამში ყველა ტურნირზე ერთად როტერდამული გუნდის მაისური 129-ჯერ მოირგო, 72 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.