„არ მჯერა, რომ ამ ბრძოლას ჩანიშნავენ“ - UFC-ის კომენტატორი თოფურია-მახაჩევის ჩხუბზე
UFC-ის კომენტატორმა, ჯონ ანიკმა თავის პოდკასტში ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ბრძოლის ჩანიშვნის შანსი, მისი აზრით საკმაოდ მცირეა.
რას ამბობს ანიკი:
„ვფლობ თუ არა ამ ჩხუბზე რაიმე ინფორმაციას? არა, ამ სპეკულაციებზე ვერაფერს ვიტყვი. მათი ბრძოლა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ არ მჯერა, რომ პრომოუტერები ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ ილია თოფურიას დააყენებენ. ნამდვილად არ მჯერა, რომ ასე იქნება“.
ამის შემდეგ, ჯონ ანიკმა დასტინ პორიეს შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ კი ივნისში UFC-ში თავის ბოლო ბრძოლას გამართავს. ანიკმა პორიეს პოტენციური მეტოქეები განიხილა.
„ვფიქრობ, დასტინ პორიე და ჩარლზ ოლივეირა საინტერესო დაპირისპირება იქნება. ეს ლეგენდების ბრძოლა იქნება, რომლისგანაც გულშემატკივრები დიდ სიამოვნებას მიიღებენ. არ მგონია, რომ დასტინი ამის შემდეგ კარიერას დაასრულებს. საინტერესო იქნებოდა და ილია თოფურიას, ან ოლივეირას და თოფურიას ჩხუბის ხილვა. ვფიქრობ, ილია ამ გზით მიიღებს ისლამთან შეხვედრის შესაძლებლობას“.
გასულ კვირას, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ გულშემატკივარი ახალი ბრძოლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაიგებს. მედიაში აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ UFC „მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის რემატჩზე მუშაობს, თუმცა, პარალელურად, თოფურია ისლამ მახაჩევსაც აქტიურად იწვევს.