“ეს შედეგი ჩვენი ბრალია“ - კონსეისაუს, უოკერის და ხიმენესის კომენტარები
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში მილანმა ფეიენოორდს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და როსონერი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს დაემშვიდობა. თამაშის შემდეგ, სერჟიუ კონსეისაუმ, სანტიაგო ხიმენესმა და კაილ უოკერმა კომენტარები გააკეთეს.
კონსეისაუ:
„იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ. როტერდამში ცუდად ვითამაშეთ და საპასუხო მატჩის მოსაგებად მოვემზადეთ. პირველივე წუთზე გავიტანეთ, მაგრამ დაფიქსირებული შედეგი ჩვენი ბრალია. ეს ჩემთვის დიდი მარცხია და ბევრი შეცდომა დავუშვი. ამ წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. მენტალურ დონეზე უკეთესები უნდა ვყოფილიყავით.“
ხიმენესი:
„კარგად ვთამაშობდით და მეორე გოლის გატანასთან ახლოს ვიყავით, თუმცა ეს ფეხბურთია. ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს და ახლა ასე მოხდა. ჩვენს წინაშე წარმოქმნილ პრობლემაზე რეაგირება ვერ მოვახერხეთ. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ შრომა და წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ამ სეზონში ჯერ კიდევ ბევრი მატჩია დარჩენილი.“
უოკერი:
„თამაშს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. ამ მოცემულობის მიღება რთულია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დომინანტურად დავიწყეთ თამაში. აუცილებლად უნდა მოგვეგო.“
შეგახსენებთ, რომ 37-ე წამზე მილანი სანტიაგო ხიმენესმა დააწინაურა. მეორე ტაიმში სიმულაციის გამო ტეო ერნანდესმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედნიდან გააძევეს. როსონერი 10 ფეხბურთელით დარჩა და სულ მალე ფეიენოორდმა წონასწორობა აღადგინა. 1:1 კი ნიდერლანდელებს აძლევდა ხელს, რადგან პირველი თამაში როტდერდამულმა გუნდმა 1:0 მოიგო.