მალე დავამტკიცებ, რაც შემიძლია | 18 წლის უცნობი ქართველი ფორვარდი ესპანეთში
18 წლის ქართველი ცენტრფორვარდი ნიკა ჯამასპიშვილი, რომელიც „ვიტ ჯორჯიას'' აღზრდილია, კარიერას ესპანური „მურსიას’’ 19-წლამდე გუნდში გააგრძელებს. კონტრაქტი 2-წლიანია.
ამჟამად „რეალ მურსიას’’ მთავარი გუნდი ესპანეთის რანგით მესამე ლიგაშია, თუმცა ლა ლიგა 2-ში დაბრუნების კარგი შანსი აქვს, ამბიციური კლუბია.
ნიკა CrystalSport-ს ესაუბრა:
„დაახლოებით ერთი კვირაა, რაც აქ ვარ. პირველად დეკემბერში სინჯების მიზნით ჩამოვედი, თუმცა მხოლოდ ორი ვარჯიში საკმარისი აღმოჩნდა და ამიყვანეს.
ჩემი მიზანია რაც შეიძლება მალე გადამიყვანონ პირველ გუნდში, ღირსი რომ ვარ, ამას მალევე დავამტკიცებ.
აქ უფრო რთული ვარჯიშებია, უფრო მაღალი ტემპია და ყველა დეტალს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
შესანიშნავი გარემოა, ბიჭებმა თბილად მიმიღეს.
ინგლისურად კარგად ვსაუბრობ, ესპანური ენის სწავლაც დავიწყე''.
„მურსიას’’ მეორე გუნდში ქართველი მეკარე საბა ქაჯაია ირიცხება, ნიკა 19-წლამდე გუნდში ითამაშებს. საბა და ნიკა ესპანურ კლუბში სამენეჯერო კომპანიის, Khalena Sport Management-ის დახმარებით გადავიდნენ. აღნიშნულ სააგენტოს ლევან სარალიძე, ილია სარალიძე და ანტონიო ლოპესი წარმოადგენენ.
„საბასთან ერთად ვცხოვრობ, ადაპტაციაში მეხმარება, ნელ-ნელა გარემოს ვეგუები. მთავარი სირთულე ენის ბარიერია და სწორედ ამიტომ დავიწყე ესპანურის სწავლა'' - აღნიშნავს ნიკა ჯამასპიშვილი.
ნიკა საქართველოს რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში არასდროს მიუწვევიათ. ნიჭიერი ფეხბურთელის სიმაღლე 1,90 მეტრია.
შეგახსენებთ, ნიკა „ვიტ ჯორჯიას’’ აღზრდილია, მთავარ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, გასული სეზონის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში „რუსთავთან’’ ცვლილებაზე გამოვიდა.
ნიკა ჯამასპიშვილის თამაშის კადრები