„მისით კმაყოფილი ვარ, მაგრამ გარკვეული დრო სჭირდება“ - ლუის ენრიკემ ხვიჩაზე ისაუბრა
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო მატჩში, პსჟ საკუთარ მოედანზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ესპანელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
რა თქვა ენრიკემ:
პირველი თამაშის შემდეგ კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ ბრესტს არაერთი ქამბექი შემოუთავაზებია ბოლო ორი სეზონის განმავლობაში და ამიტომ, მეორე შეხვედრაში ყურადღება გვმართებს. მაღალი დონის გუნდია და განსაკუთრებით სახიფათოები გრძელი გადაცემების დროს არიან. ასე რომ, ისინი ჩვენთვის მაინც სირთულეს წარმოადგენენ და შეუძლიათ ხიფათი შეგვიქმნან. საჭიროა, რომ ჩვენი თამაშის ხარისხზე ვფოკუსირდეთ და პირველი შეხვედრა დავივიწყოთ.
ქამბექები ხდება და ეს ბარსელონას მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომელმაც დაუვიწყარი დაბრუნება შემოგვთავაზა. ხვალინდელ შეხვედრაში კარგად უნდა ვითამაშოთ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, ინტენსივობა უნდა შევინარჩუნოთ. მოდუნება? ამას ჩემგან ვერც ერთ მატჩში ვერ ნახავთ. ეს არ არის ჩემი დნმ-ის ნაწილი.
იქნება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში? ამას წინასწარ ვერ გეტყვით. ის ითამაშებს, მაგრამ ხვალ გაიგებთ სასტარტოში იქნება თუ სათადარიგოდან ჩაერთვება. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. ის ახლახან მოვიდა და არ არის მარტივი გუნდთან მოკლე დროში შეთამაშება. აშკარაა, რომ მას ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება. მაგრამ მისი ქცევებით და ვარჯიშით კმაყოფილი ვარ. არსად გვეჩქარება.
გუნდით ბედნიერი ვარ. მომწონს, რასაც ფეხბურთელებში ვხედავ და როგორც უდგებიან საქმეს. პროექტი, რომელიც ახლა გვაქვს, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. ახლა საკვანძო მომენტს ვუახლოვდებით, ეს ეხება როგორც ლიგა 1-ს, ისე ჩემპიონთა ლიგასა და საფრანგეთის თასს, ამ ეტაპზე უფრო მეტ სიზუსტეს ვსაჭიროებთ. ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით და უფრო დიდი კონკურენციისთვის უნდა მოვემზადოთ.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი მატჩი პსჟ-ის გამარჯვებით, 3:0 დასრულდა, ხვალინდელი შეხვედრა კი 23:55 საათიდან დაიწყება.