„თუ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ამოვა, ქამარს დავთმობ“ - ბელალ მუჰამედი
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ბელალ მუჰამედი მზადაა, თუ ისლამ მახაჩევი მსუბუქი წონიდან მის წონაში გადავა, საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადოს და საშუალო წონაში გადავიდეს.
მახაჩევმა, რომელმაც მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული უკვე ოთხჯერ დაიცვა, არაერთხელ განაცხადა, რომ ორი წონის ჩემპიონობა სურს, თუმცა ბელალ მუჰამედი ამბობს, რომ ანალოგიური გეგმები მასაც აქვს.
„არასოდეს ვეჩხუბები ისლამს, იმიტომ რომ ჩვენ სხვა ტიპის ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ერთად გვივარჯიშია, ხოლო როდესაც ვინმესთან ერთად ოფლსა და სისხლს ღვრი, მასთან ვერ იჩხუბებ.
არ არსებობს თანხა, რომლის გამოც მე ან ისლამი ასეთ ჩხუბს დავთანხმდებით. ამას ვერასოდეს ვიზამ. მირჩევნია, საშუალო წონაში ავიდე და ქვესაშუალო ისლამს დავუტოვო. ქვესაშუალოში საუკეთესო ათეულიდან 5 მებრძოლი დავამარცხე, ასე რომ, საშუალო წონაში ავალ - მინდა, რომ ორი წონის ჩემპიონი გავხდე.
ჩემზე უფრო დიდ მებრძოლებთან ვვარჯიშობ, ვიცი მათი ძალა, ასე რომ საშუალო წონა ჩემთვის პრობლემა არ იქნება, თანაც, ეს ერთ-ერთი უმარტივესი დივიზიონია, სადაც, ჩიმაევს თუ არ ჩავთვლით, ყველა ოპონენტი სუსტია - მათ შორის სტრიკლენდიც და დუ პლესიც“.
შეგახსენებთ, რომ მუჰამედმა ბოლოს გასული წლის ივლისში იჩხუბა, როდესაც სატიტულო ბრძოლაში ლეონ ედვარდსი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარს დაესაკუთრა. მუჰამედის ანგარიშზე MMA-ში 24 მოგება და 3 მარცხია.