კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში | ჯამასპიშვილი მურსიაში ითამაშებს
„ვიტ-ჯორჯიას“ აკადემიის აღზრდილი, ნიკოლოზ ჯამასპიშვილი კარიერას „მურსიაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჯამასპიშვილი 18 წლისაა და თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. ქართველი ფორვარდი „მურსიას“ 19-წლამდელთა გუნდს შეუერთდება, რომელიც მე-7 ქვეჯგუფში 21 მატჩის შემდეგ 36 ქულით მე-5 ადგილზეა (16-დან).
„ნიკას მისი კარგი ფიზიკური მონაცემები და ბომბარდირის ალღო გამოარჩევს. წარმატებებს ვუსურვებთ მას კარიერის ამ ახალ ეტაპზე, რომელსაც ის ჩვენთან ერთად იწყებს“, - აღნიშნულია „მურსიას“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ CrystalSport-ი „მურსიაში“ კიდევ ერთი ქართველის, 19 წლის მეკარის, საბა ქაჯაიას ტრანსფერის შესახებ წერდა.
საბა „რეალ მურსიაში'' 2024 წლის სექტემბრიდან ვარჯიშობდა, ბიუროკრატიული საკითხის მოგვარების შემდეგ კი ესპანური კლუბს ოფიციალურად შეუერთდა და თამაშის უფლებაც მიიღო.