ვინისიუსი ახალ ამპლუაში - ბრაზილიელმა საფეხბურთო კლუბი შეიძინა
„რეალის“ ბრაზილიელი ფეხბურთელი ვინისიუსი სულ მალე გულშემატკივარს ახალ ამპლუაში მოევლინება. ის რამდენიმე დღის წინ პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე კლუბ „ალვერკას“ თანამფლობელი გახდა. ავტორიტეტული გამოცემა Record-ის ცნობით, ვინიმ აქციათა ნაწილი რიკარდუ ვისინტინისგან 10 მილიონ ევროდ გამოისყიდა და ახლა გუნდის მართვის საქმეებში შეეცდება აქტიურად ჩაერიოს.
1939 წლის 1 სექტემბერს დაარსებული „ალვერკა“ როგორც უკვე მოგახსენეთ ამჟამად პორტუგალიის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს, 22 ტურში დაგროვებული 38 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ტონდელას“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება და პრიმეირა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის. ვინისიუსი უახლოეს მომავალში აპირებს პორტუგალიაში ჩასვლას და ამ გუნდის ბაზის მონახულებას, რასაც ფეხბურთელებთან გასაუბრებაც მოჰყვება და ადგილზე უფრო კარგად შეაფასებს იმ საჭიროებებს, რაც ამ კლუბისთვის ამჟამად არის მნიშვნელოვანი.
ვინისიუს ჟუნიორის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 31 მატჩში 16 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა. 24 წლის ბრაზილიელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს.