კვერნაძე მწვრთნელის გარეშე - ფროზინონედან გრეკო გაუშვეს
იტალიის სერია B-ს კლუბი „ფროზინონე“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა - ამიერიდან გიორგი კვერნაძესა და მის თანაგუნდელებს ლეანდრო გრეკო აღარ გაწვრთნის, რომელსაც ბოლოდროინდელი წარუმატებელი შედეგებიდან გამომდინარე, კარისკენ სრულიად ლოგიკურად მიუთითეს. „ფროზინონეს“ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და გუშინ, „რეჯინასთან“ საშინაო შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში გადაურჩა და ქულა გადაარჩინა.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, მედიის წარმომადგენლებმა „ფროზინონეს“ ხელმძღვანელებს გრეკოს შემცვლელთან დაკავშირებით ვერაფერი ათქმევინეს. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ უახლოესი ორი დღის განმავლობაში საწვრთნელ პროცესს მისი ერთ-ერთი ასისტენტი ჩაატარებს, რის შემდეგაც ახალი თავკაცის ვინაობაც გაირკვევა.
მიმდინარე სეზონში კვერნაძის ანგარიშზე 2 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასია. „ფროზინონე“ კი, 26 ტურის შემდეგ 23 ქულით სერია B-ს სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.