„გამარჯვებას უმარი იმსახურებდა, ომალისთან რემატჩი კი სისულელეა“ - სეხუდომ მერაბზე ისაუბრა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და ორი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ MMA Fighting-თან საუბრისას მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებას რუსი მებრძოლი იმსახურებდა.
რას ამბობს სეხუდო:
„თუ მთლიან ბრძოლას შევაფასებთ, მაშინ გამარჯვებას უმარი იმსახურებდა. მან მეტოქეს უფრო მეტი ზიანი მიაყენა. მაგრამ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში რაუნდები ითვლება. მესამე რაუნდი დვალიშვილმა საკამათოდ მოიგო, მეოთხე და მეხუთე რაუნდები კი თავდაჯერებულად წაიღო“.
ამერიკელმა მებრძოლმა მერაბისა და შონ ომალის შესაძლო რემატჩზეც გააკეთა კომენტარი.
„რევანში ომალისთან? ვფიქრობ, რომ ეს სისულელეა. როგორც ჩანს, შონი pay-per view-ს მეფეა, მისი ჩხუბი კი მხოლოდ ფინანსურ სარგებელს მოიტანს. ვფიქრობ, ჩემპიონთან შეხვედრის შანსი კორი სენდჰეგენს უნდა მიეცეს. კორისთან ბრძოლას დიდი აზრი აქვს. მას მერაბის დამარცხების პოტენციალი აქვს. მართალია, ფავორიტი დვალიშვილი იქნება, მაგრამ კორის სახიფათო ინსტრუმენტები აქვს. მაგარი ბრძოლა იქნება“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და უმარ ნურმაგომედოვი ერთმანეთს მიმდინარე წლის იანვარში, UFC 311-ზე დაუპირისპირდნენ და ქართველმა „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. საგულისხმოა, რომ ნურმაგომედოვისთვის მერაბთან მარცხი MMA-ს კარიერაში პირველი იყო.
რაც შეეხება კორი სენდჰეგენს, ამერიკელმა მებრძოლმა MMA-ის ეგიდით 22 ბრძოლა გამართა და 17 შეხვედრაში გაიმარჯვა.