ნასერ ალ ხელაიფი
Aa
Aa

საფუძვლიანი შეტევა პსჟ-ს პრეზიდენტზე - საფრანგეთში ალ-ხელაიფის ავიწროებენ

საფრანგეთის სასამართლო პსჟ-ს პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს, რომელსაც ბრალად კორპორატიული ქონების მითვისება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება. კატარელები ამ ყველაფერზე აგრესიულად რეაგირებენ - ისინი საფრანგეთში ინვესტიციების შეჩერებითა და „პარი სენ-ჟერმენის“ გარდა, ლიგა 1-ის ერთ-ერთი მაუწყებლის, Bein Sports-ის დაფინანსების შემცირებით იმუქრებიან. როგორც კატარის მთავრობასთან დაახლოებული პირი აცხადებს, ისინი დაიღალნენ ცრუდევნით, შანტაჟით, ყოველდღიური კრიტიკით, ბრალდების მხარის არაკომპეტენტურობით, რის გამოც თავს ისე გრძნობენ, რომ არსებულ ყველა პრობლემაში ფრანგები მათ ადანაშაულებენ.

რას ედავებიან პსჟ-ს მფლობელს? ალ-ხელაიფი ეჭვმიტანილია საფრანგეთში არსებული უმსხვილესი კონგლომერატის Laguarder-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე არნო ლაგუარდერთან ერთად კომპანიის სახსრების, კერძოდ კი 130 მილიონი ევროს პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში. ყველაფერი 2018 წელს გამართულ აქციონერთა კრებაზე დაიწყო, სადაც ერთმანეთს ღიად არნო ლაგუარდერი და საინვესტიციო ფონდ Amber Capital-ის ხელმძღვანელები დაუპირისპირდნენ. Qatar Investment Authority-მ, რომლის პრეზიდენტიც „პარი სენ-ჟერმენის“ მეპატრონეა, თავდაპირველად ფონდის მხარე დაიჭირა, თუმცა შემდგომ უკვე არნომ გადაიბირა და თანაც, როგორც ამბობენ, ამის გაკეთება სულ რაღაც ერთი სატელეფონო ზარით მოახერხა. ხელაიფის მხარდაჭერის ხარჯზე, არნო ლაგუარდერმა კომპანიაზე კონტროლი 2023 წლის ბოლომდე შეინარჩუნა, სანამ „სათამაშო მოედანზე“ კიდევ ერთი მსხვილი ფირმა Vivendi არ გამოჩნდა, რომლის სათავეშიც ზუსტად ის ბიზნესმენები არიან, რომლებიც წლების წინ Amber Capital-ს ხელმძღვანელობდნენ და ახლა დისკომფორტს კატარელს სწორედ ისინი უქმნიან.

არნო ლაგუარდერთან ერთად

Laguarder-ს წიგნების მაღაზიათა უდიდესი ქსელი აქვს და მის მფლობელობაში შედის მსოფლიოში ტირაჟირების თვალსაზირისთ რიგით მესამე გამომცემლობა Hachette Livre. ასევე ეს კონგლომერატი სატრანსპორტო კვანძებში ვაჭრობით არის დაკავებული, მაგალითად აეროპორტებში, სადაც დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა არ უწევს და მისი წლიური მოგება 62 პროცენტს შეადგენს.

საფრანგეთსა და კატარს შორის მჭიდრო ურთიერთობა ჯერ კიდევ 2008 წელს, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს დამყარდა, როდესაც ამ უკანასკნელმა კატარული ინვესტიციების წახალისებისთვის, სპეციალური კანონი მიიღო. ამის შემდეგ ალ-ხელაიფი და მისი პარტნიორები პარიზში მოქმედ კომპანიებში სერიოზული გეგმებით შევიდნენ და ნიდერლანდური ავიაკონცერნის Airbus-ისა და ნავთობის კორპორაცია Total Energie-ს მეწილეები გახდნენ. თუმცა, ნასერ ელ-ხელაიფის მთავარი შენაძენი მაინც საფეხბურთო კლუბი „პარი სენ-ჟერმენია“, რომლის აქციათა 70-პროცენტიანი წილის მფლობელი 2011 წელს გახდა და მას შემდეგ დედაქალაქურმა გრანდმა 10-ჯერ ლიგა 1, 7-ჯერ ქვეყნის თასი, 6-ჯერ საფრანგეთის ლიგის თასი და 11-ჯერ საფრანგეთის სუპერ თასი მოიგო. გუნდმა დაიმატა ისეთი კალიბრის ვარსკვლავები, როგორებიც დევიდ ბექჰემი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ნეიმარი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი და ხვიჩა კვარაცხელია არიან.

ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად

მსგავსი მიღწევების ფონზე, ალ-ხელაიფის პსჟ-ს კონკურენტი კლუბის, „ლიონის“ ყოფილი პრეზიდენტიც კი აქებს, რომელიც თვლის, რომ კატარული ინვესტიციების ჩადების შემდეგ, არამხოლოდ პსჟ, არამედ მთლიანად ფრანგული ფეხბურთი განვითარების ახალ საფეხურზე ავიდა და დარწმუნებულია, რომ მის ხელში გუნდი ჩემპიონთა ლიგას ადრე თუ გვიან აუცილებლად მოიგებს.

ისმის ლოგიკური შეკითხვა, რატომ იცავს კატარის მთავრობა საეჭვო რეპუტაციის მქონე და ფინანსური მაქინაციების სკანდალში გახვეულ პსჟ-ს მმართველს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ პატარა აზიური ქვეყნის ახლანდელი ემირი ტამიმ იბნ ჰამად ალ ტანი მისი ახლო მეგობარია და მის შუა გზაზე მიტოვებას არ აპირებს. თანაც, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ალ-ხელაიფი სკანდალში ეხვევა. მას კონფლიქტი ჰქონდა გუნდიდან ახლახანს წასულ კილიან მბაპესთან, რის გამოც ამ უკანასკნელმა წასვლისას გაკეთებულ განცხადებაში მადლობა მის გარდა, ლამის ყველას გადაუხადა.

კილიან მბაპესთან ერთად

ალ-ხელაიფის აბრალებენ 2021-2022 წლების სეზონში, „რეალთან“ წაგებული მერვედფინალური დუელის შემდეგ, არბიტრების ოთახში შეჭრის მცდელობას, რადგან ის წყობიდან გამოსული იყო იმ ფაქტით, რომ მისი გუნდი, რომლის ღირსებასაც მსოფლიოს ფეხბურთის სამი ვარსკვლავი, ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე იცავდა, ჩემპიონთა ლიგას ასე ადრეული ეტაპიდან გამოეთიშა.

შვეიცარიის პროკურატურას აქვს მასალები იმის თაობაზე, რომ ალ-ხელაიფმა, რომლის მფლობელობაშიც 2026 და 2030 წლების მუნდიალის ჩვენების ექსკლუზიური უფლების ავტორი Bein Spors-ია, ეს უფლება არაკანონიერი გზით მოიპოვა, საფრანგეთში სულ მალე უნდა დაიწყოს გამოძიება იმის თაობაზე, რომ ალ-ხელაიფის მიერ საერთაშორისო ფედერაციის მოქრთამვის შედეგად, კატარში მძლეოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი ორჯერ უსამართლოდ ჩაატარეს.

მის წინააღმდეგ არსებული ყველაზე მძიმე ბრალდება კი მაინც ალჟირელი ლობისტის, ტაიბ ბენაბდენრრაჰმანის გატაცებაა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, ალ-ხელაიფის სქემა გაშიფრა და ის ფიფას მაღალჩინოსნები მოსყიდვაში ამხილა. ამდენი ბრალდებების ფონზე, არსებობს სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ნასერმა „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვოს, რაც ბუნებრივია მის მოსვლამდე არაფრით გამორჩეულ პსჟ-ს, ისევ ასეთი ხარისხის კლუბად აქცევს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო ტრანსფერი, იახტა და უცნაური ჩვევები - საინტერესო ფაქტები ფლორენტინო პერესზე
საუკეთესო ტრანსფერი, იახტა და უცნაური ჩვევები - საინტერესო ფაქტები ფლორენტინო პერესზე