ძვირფასო ჯოია, ძვირფასო რომი!
მამიკოს თქვენთვის რაღაც აქვს მოსაყოლი.
როდესაც ამას ვწერ, თქვენ 1 და 4 წლის ხართ, მაგრამ თქვენი ცხოვრება მალე შეიცვლება. დაიწყებთ სამყაროს შეცნობას ცნობისმოყვარე თვალებით. იცინებთ და გამოცდით სიახლეებს. შეიძენთ ახალ მეგობრებს. ალბათ გექნებათ TikTok-ი და Instagram-ი და რადგან ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილის განმავლობაში ფეხბურთელი ვიყავი, ბევრ რამეს წაიკითხავთ და გაიგებთ ჩემზე - სიმართლეს, ნახევრად სიმართლეს, ჭორებსა და აბსურდსაც.
თქვენ გაიგებთ ჩემს ისტორიას ვიღაცისგან და სანამ ეს მოხდება, მინდა ნამდვილი ვერსია ჩემგან მოისმინოთ.
თუმცა თავდაპირველად მინდა მოგიყვეთ, აქ როგორ მოხვდით, რადგან ყოველ დღე მადლიერი ვარ იმისთვის, რომ უსაფრთხოდ მოევლინეთ დედამიწას.
რომი, შენგან დავიწყებ, რადგან პირველი შენ დაიბადე.
არასდროს დამავიწყდება, როდესაც შენი დედიკო 7 თვის ორსული იყო და დორტმუნდში, ჩვენს სახლში მეანი მოვიდა. მან დედას ექოსკოპია ჩაუტარა. ეს რუტინული შემოწმება იყო, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ უცებ მან თქვა: „როგორც ჩანს, თქვენი ბავშვი კარგად არ არის“.
ჩვენ ვკითხეთ: „რას ნიშნავს, კარგად არ არის?“.
„მისი გულისცემა საკმაოდ ნელია. სასწრაფო უნდა გამოიძახოთ და დაუყოვნებლივ საავადმყოფოში წახვიდეთ“, - გვითხრა მეანმა.
უცებ ვიგრძენი, როგორ გაჩერდა ჩემი გულისცემა. ჩვენ შენი დაბადებისთვის დიუსელდორფში ვემზადებოდით, სადაც ექიმს ვიცნობდით და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდით, მაგრამ იქამდე მანქანით 1 საათი დაგვჭირდებოდა, ამიტომ სასწრაფომ უახლოეს საავადმყოფოში წასვლა არჩია, ვიტენში. შენს უკან მოვდიოდი, თუმცა თავს ისე შორს ვგრძნობდი შენგან. 20 წუთი ძალიან სწრაფად მივდიოდით, ჩართული სირენით.
როგორ მშობელმა, შეუძლებელია შვილის დაკარგვის შიში აღწერო. პანიკაში ვიყავი, მთელი სხეული განგაშმა მოიცვა. არც კი ვიცი, როგორ ვატარე მანქანა, რადგან ერთადერთი რამ, რაზეც ფიქრი შემეძლო, იყო „გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, კარგად იყოს“.
ღმერთო, გთხოვ!
საავადმყოფოში ათობით ადამიანი გველოდებოდა. ყველაფერი სწრაფად მოხდა. ისინი დედაშენს თავს დასტრიალებდნენ და შემდეგ მგონი ვიღაცამ თქვა: „მისი გული ჯერ კიდევ სცემს“. ისე გამიხარდა, კინაღამ იატაკზე წავიქეცი, მაგრამ შედეგ ექიმმა თქვა: „უნდა ამოვიყვანოთ“.
იყო ალბათობა, რომ ინფექცია გქონდა.
მათ ჩაატარეს სამედიცინო პროცედურა, რომელსაც საკეისრო კვეთა ჰქვია და მომდევნო წუთი მხოლოდ ჯდომა, ლოდინი და ლოცვა შემეძლო.
საბოლოოდ, რომი, შენ ვადაზე 6 კვირით ადრე დაიბადე.
როგორც კი დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა და არაფერი იქნება ისე, როგორც მანამდე.
მაგრამ პატარა პრობლემა გვქონდა: ექიმებმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოგათავსეს, რათა დაგკვირვებოდნენ და დარწმუნებულიყვნენ, რომ კარგად იქნები, ჩვენ კი იქ ვიყავით, შენთან ერთად.
მე ვარჯიშზე უნდა დავბრუნებულიყავი „დორტმუნდთან“ ერთად, სადაც მაშინ ვთამაშობდი, მაგრამ ეს ხდებოდა 2020 წლის ივნისში, როდესაც პანდემია მძვინვარებდა და იყო უსაფრთხოების წესები, თუ სად წავსულიყავით. საავადმყოფოს პერსონალმა მითხრა, რომ შემეძლო სავარჯიშოდ დავბრუნებულიყავი ან საავადმყოფოში ვყოფილიყავი, მაგრამ არა ორივე ერთად.
უნდა ამერჩია: ფეხბურთი თუ ოჯახი.
მე ვთქვი: „აქ გადასაწყვეტიც არაფერია“.
მე დავრეკე კლუბში და ავუხსენი, რომ ვერ შევძლებდი დაბრუნებას, სანამ არ დავრწმუნდებოდი, რომ შენ 100%-ით კარგად ხარ. საბოლოოდ, იქ აღარ დავბრუნებულვარ.
მე და დედაშენმა საავადმყოფოში 3 კვირა გავატარეთ, მხოლოდ გვეძინა, ვჭამდით და შენს გვერდით ვიყავით.
შენ 2020 წლის 5 ივნისს დაიბადე. ჩემი კონტრაქტი იმ თვის ბოლოს ამოიწურა.
იმ დროისთვის, როცა სახლში დავბრუნდით, მე თავისუფალი აგენტი ვიყავი, სეზონი კი დასრულებული იყო. არ მგონია, რომ „დორტმუნდი“ ამით გახარებული იყო, მაგრამ ვფიქრობ, მათ გაიგეს. ასე უნდა გაეკეთებინათ, ალტერნატივა არ იყო.
მე პირველ რიგში მე მამა ვარ, მერე კი ფეხბურთელი - ამის გამო, ბოდიშს არასდროს არ მოვიხდი.
დღეს უკვე ვეღარ იტყვი, რომ ადრე დაიბადე. იმდენი ენერგია გაქვს, რომ მამამ ყავის სმაც კი დაიწყო, რომ დაგეწიოს.
და ჯოია? ჩემი უმშვენიერესი ქალიშვილი. შენზე რა ვთქვა?
შენი სახელი იტალიურად სიხარულს ნიშნავს. ბევრს იღიმი, რაც ჩვენც ღიმილს გვგვრის. როგორც ნამდვილი გიოტცე, შენც ადრე დაიბადე.
როდესაც დედიკოს მუცელში იცავი, შენც ძალიან ნელი გულისცემა გქონდა. საბედნიეროდ, ამის შესახებ საავადმყოფოში შევიტყვეთ, ამიტომ შენი დაბადება ნაკლებად დრამატული იყო. შენ არ მოგიწია სასწრაფოს მანქანით სიარული. „სულ რაღაც“ 4 კვირით ადრე დაიბადე, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც სტრესი იყო. შენი დედიკო კი ძლიერი, რომ ამას გაუმკლავდა.
ჩვენ თქვენ დედამიწაზე ყველაფერზე მეტად გვიყვარხართ.
არა აქვს მნიშვნელობა, რას წაიკითხავთ თქვენი მშობლების შესახებ ოდესმე, კარგს თუ ცუდს, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ გვიყვარხართ.
„ეი, შენ მარიო გიოტცე ხარ?“
როდესაც ჩვენ ერთად წავალთ სასეირნოდ, ადამიანები ხან მოვლენ ჩვენთან და ამ კითხვას დამისვამენ. შეიძლება მათ ფოტოს გადაღება ითხოვონ და თქვენ გაგიკვირდებათ, რატომ.
მაშ ასე, მარიო გიოტცეს 2 ვერსია არსებობს: ადამიანი მარიო, რომელსაც თქვენ იცნობთ, მამაა.
აი, ეს კი ფეხბურთელი მარიოა, როდესაც ადამიანები მასთან ფოტოს ითხოვენ. მათ ფოტო ამ მარიოსთან უნდათ. ის ერთადერთია, რომელსაც იცნობენ, რადგან მათ მხოლოდ სტადიონზე ან ტელევიზორში ვუნახივარ.
მარიო, როგორც პიროვნება მათთვის არ არსებობს, რადგან ის თქვენთვის არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გაიგოთ.
მაშ, ვინ არის ფეხბურთელი მარიო გიოტცე? როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, ფეხბურთს ვთამაშობდი ისე, რომ არ ვფიქრობდი, თუ ოდესმე ეს ჩემი პროფესია გახდებოდა. მაგრამ მე მიყვარდა თამაში და ეს იყო ყველაფერი, რაზეც ვფიქრობდი.
დავბრუნდეთ წარსულში, როდესაც 18 წლის ვიყავი და მოვიგე ლიგა ჩემი მშობლიური ქალაქის კლუბთან - „დორტმუნდთან“ ერთად და ყველას ვუყვარდი. 2 წლის შემდეგ მე წავედი კიდევ უფრო დიდ კლუბში - მიუნხენის „ბაიერნში“ და ამის გამო, დორტმუნდში ყველას შევძულდი. ისინი მოღალატეს მეძახდნენ.
მე მთელი ცხოვრება დორტმუნდში გავატარე და უბრალოდ ახალი მოგზაურობა, ახალი გარემოება მინდოდა. მაშინ ფეხბურთი მთელი ჩემი ცხოვრება იყო, ამიტომაც რამე თუ ემართებოდა ფეხბურთელ მარიოს, ეს გავლენას ახდენდა პიროვნება მარიოზე.
მაგრამ ყველაზე ცუდი იყო, როგორი გავლენა იქონია ამან დედაჩემსა და 2 ძმაზე - თქვენს ბებოზე და ბიძებზე.
არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ძმას სკოლაში პრობლემები შეექმნა.
არა მხოლოდ იმიტომ, რომ სახლთან პოლიციის დაცვა დაგვჭირდა.
როგორც ოჯახმა, ჩვენ მხოლოდ დორტმუნდი ვიცოდით, მაგრამ ახლა უკვე დედას უნდოდა, რომ ჩემი უმცროსი ძმისთვის მიუნხენში სკოლა ეპოვა და ჩემთან ახლოს ყოფილიყო. ცოტა მოგვიანებით ჩემმა უფროსმა ძმამ, რომელიც ასევე ფეხბურთს თამაშობდა, მიუნხენში კლუბი იპოვა.
ერთხელ დედამ თქვა: „მორჩა, მიუნხენში გადავდივართ“. მხოლოდ ჩემ გამო.
ყველაფერი, რაც მინდოდა, ეს იყო, მეთამაშა უმაღლეს დონეზე. 1 წლის შემდეგ მე გავიტანე გოლი, რომლითაც გერმანია მსოფლიო ჩემპიონი გახდა. არ ვიგონებ. იმდენად კარგი ვიყავი, ხალხი ამბობდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გავხდებოდი. ისინი ფიქრობდნენ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სუპერ ვარსკვლავი ვიქნებოდი.
მე ახალი გერმანული იმედი ვიყავი.
მომდევნო მესი (თქვენ ხომ იცნობთ მას).
მაგრამ ეს დიდი ტვირთია. გრძნობდი, რომ ყველა თამაშში დომინანტი უნდა ვყოფილიყავი, ყოველ კვირას. არავითარი ცუდი დღე. მოიგე დღეს და ხვალ, მაგრამ მე ისე ვცდილობდი, მართლა გამომივიდა.
მაგრამ ადამიანებს ცუდი დღეებიც აქვთ. ისინი იღებენ ტრავმებს, ავად ხდებიან. მაშინაც კი, როდესაც კარგად თამაშობ, შეიძლება მწვრთნელმა სისტემა შეცვალოს და შენ მიღმა რჩები. უკან რომ ვიხედები, ვხვდები, რომ საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მკაცრი ვიყავი.
ასევე ვნატრობ, რომ უფრო მომთმენი ვყოფილიყავი.
მაგალითს მოვიყვან. 2016 წელს კინაღამ გადავედი ცნობილ ინგლისურ გუნდში, რომელსაც „ლივერპული“ ჰქვია. იქ მწვრთნელი იყო ადამიანი, სახელად იურგენ კლოპი.
შეიძლება თქვენ მისი ფოტო გინახავთ. მაღალი, ღიმილიანი, მხიარული. იურგენი ჩემი მწვრთნელი იყო „დორტმუნდში“ და ვერ ვაცნობიერებდი, როგორ გამიმართლა. მე ჩავედი მის სახლში, ლივერპულში, სადაც მისაღებში დავსხედით, ჩვენს ცოლებთან ერთად.
იურგენს განსაკუთრებულს ის ხდის, რომ ის ხედავს მარიოს, როგორც პიროვნებას. ფეხბურთზე ბევრი არ გვილაპარაკია, ის არ მეკითხებოდა: „როგორ დაგარწმუნო, შენ რა გინდა?“.
ის მეკითხებოდა ცხოვრებაზე ზოგადად და მგონი რაღაც მსგავსი მითხრა: „მისმინე, მარიო, შენ ბევრს ითამაშებ და აქ არ მოიწყენ. ვიცი, რომ ეს შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კლუბი არაჩვეულებრივია. დაფიქრდი ამაზე“.
მე მართლა მინდოდა, ისევ მეთამაშა მასთან.
მაგრამ მე ასევე მინდოდა, რომ ყველაფერი სწრაფად მომეგო. „ლივერპულმა“ მერვე ადგილზე დაასრულა ინგლისში, „დორტმუნდმა“ კი მეორე ადგილი დაიკავა გერმანიაში. ამასთან, ჩემმა გუნდმა ანდრე შურლე გაიფორმა, რომელიც ფეხბურთში ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
გამახსენდა, როგორი ხალისიანი იყო პირველად, როდესაც 2 საჩემპიონო ტიტული მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით. იქნებ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ძველ, კარგ დროს, გესმით?
ამიტომაც დავბრუნდი და როგორც არ უნდა მიყვარდეს „დორტმუნდი“, ვგრძნობ, რომ ხელიდან გავუშვი განსაკუთრებული მოგზაურობა იურგენთან ერთად. ვერ ვხვდებოდი, რომ მას დრო სჭირდებოდა, რომ არაჩვეულებრივი გუნდი შეექმნა „ლივერპულში“. არ მქონდა არანაირი საჭიროება, რომ ეგრევე ჩემპიონთა ლიგაზე მეთამაშა. მე უბრალოდ ასე შორს არ ვფიქრობდი.
მაგრამ „დორტმუნდი“ ჯერ კიდევ ბევრს ნიშნავს ჩემთვის. იმავე სიტუაციაში, მე ალბათ ისევ იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი. საერთოდ, მე ყოველთვის ვცდილობ, წინ ვიყურო.
ყველაფერი თქვენ ორის წყალობით. როდესაც თქვენი დედიკო პირველად დაორსულდა 2019 წლის შემოდგომაზე, მე ძალიან ვიყავი კონცენტრირებული კლუბის შეცვლაზე. ბევრს არ ვთამაშობდი და როდესაც ჩემი კონტრაქტი ამოიწურებოდა მომდევნო ზაფხულს, შემეძლო სხვა კლუბში უფასოდ გადავსულიყავი.
პირველ რიგში, მე მქონდა სრული თავისუფლება, სატრანსფერო ღირებულების ან ჩემი კლუბის სურვილის მიუხედავად. მე ისე ვიყავი ჩემს გეგმებში დარწმუნებული, რომ როდესაც ზამთარში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემი ყიდვა უნდოდა, მე უარი ვთქვი.
რამდენიმე თვის შემდეგ, 2020 წლის მარტში, ჰანსი ფლიკმა დამირეკა.
„ოდესმე დაბრუნდები „ბაიერნში“?.
კარგი, რატომაც არა?
ჩვენ შევთანხმდით, რომ ხაზზე ვიქნებოდით.
შემდეგ მე მამა გავხდი და როდესაც საავადმყოფოდან დავბრუნდით, ჩემს ცხოვრებაში პირველად, კლუბის გარეშე ვიყავი. ორშაბათს დილით არსად ვარ წასასვლელი, არანაირი თამაში, მიზნები. არც გუნდელი მეგობრები, რომლებთან ერთად შემეძლო მეცინა.
მე ვიყავი მამა სრულ განაკვეთზე, რაც გასაოცარი იყო, მაგრამ ამავდროულად... განსხვავებული. ვიჯექი დივანზე იმედით, რომ ტელეფონი დარეკავდა. „ბაიერნს“ ახალი მოგებული ჰქონდა 3 ტიტული. მე ჰანსს კიდევ რამდენჯერმე ველაპარაკე, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა.
და უცებ დადგა ოქტომბერი და ბოლო ვადა, რომ ფეხბურთელები ევროპული შეჯიბრებებისთვის დარეგისტრირებულიყვნენ.
მე 29 წლის ვიყავი, მყავდა შვილი, ოჯახი და არ მქონდა სამსახური, შემოსავალი. მე ვნერვიულობდი.
ვიცოდი, რომ კლუბს ვიპოვიდი, მაგრამ კარგი, რა! მე მითამაშია „დორტმუნდსა“ და „ბაიერნში“, გერმანიის 2 უდიდეს კლუბში. რამდენიმე თვის წინ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ და „ბაიერნიდან“ დამირეკეს. ახლა კი .... სიჩუმე.
მე განვახორციელე ბოლო ზარი ადამიანთან, სახელად როჯერ შმიდტი. ეს რომ ახლა განვიხილოთ, არ მგონია, მან იცოდეს, თუ რა მნიშვნელოვანი იყო ის არა მხოლოდ ჩემი კარიერისთვის, არამედ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის.
ის საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა. მაშინ შმიდტი ჰოლანდიურ კლუბ „პსვ“-ს ავარჯიშებდა და ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვკონტაქტობდით. ისინი ახალი სეზონისთვის ემზადებოდნენ, ამიტომაც ვკითხე, ხომ არ დაინტერესდებოდნენ ჩემთან კონტრაქტის გაფორმებით იმავე დღეს.
საბედნიეროდ, მან ეს გააკეთა და შემეძლო მეთამაშა დიდ კლუბში და მყოლოდა გერმანელი მწვრთნელი. ჩემს სახლთან ახლოს, დიუსელდორფში. შესანიშნავია.
მაგრამ რა მოხდებოდა, თუ როჯერი მეტყოდა, რომ კლუბში ჩემი ადგილი არ არის?
აი, მაშინ მივხვდი, რომ არ შემიძლია მთვარეულივით კლუბიდან კლუბში ვიარო. მე გეგმა მჭირდებოდა და ფეხბურთის გარდა, სხვა საქმით დაკავება.
ერთ დღესაც ავდგები საწოლიდან, შევხედავ ჩემს საკლუბო კალენდარს და ბევრ ცარიელ ადგილს დავინახავ. არა მხოლოდ 3 თვით, სამუდამოდ. არანაირი კარიერა, არანაირი ტურნირი. მე ვიქნები ყოფილი ფეხბურთელი, მაგრამ ჯერ კიდევ ვიქნები ქმარი და მამა. მე მომიწია მზადება მეორე ცხოვრებისთვის და რა მარტივია ამის დავიწყება, რადგან ჩვენ, სპორტსმენები, მხოლოდ მომდევნო თამაშზე ვკონცენტრირდებით და შემდეგ - ბრახ! - ყველაფერი დამთავრებულია.
თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ დაგვეხმარებიან გავუმკლავდეთ ამ რთულ გარდამავალ პერიოდს, არა?
მაგრამ ამას არ ვაკეთებთ.
არავინ გვეუბნება, როგორ ვმართოთ ჩვენი ფინანსები, როგორ დავზოგოთ ან ინვესტიცია როგორ განვახორციელოთ. არავის ადარდებს, სანამ ჩვენ ვთამაშობთ.
„ის ფეხბურთელია, მას ყველაფერი კარგად ექნება“.
რა თქმა უნდა, გაგვიმართლა, რომ ჩვენ ფული გვაქვს. უმრავლესობას ასეთი სამსახური ენდომებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ადამიანები ვართ და არა აქვს მნიშვნელობა, რამდენს გამოვიმუშავებთ, მაინც მოგვიწევს ფსიქოლოგიურად გავუმკლავდეთ პენსიაზე გასვლას. ეს ისეთი მნიშვნელოვანია, რადგან იმ დღეს, როდესაც ჩვენ სპორტსმენობას თავს ვანებებთ, ვკარგავთ საკუთარი იდენტობის დიდ ნაწილს.
დღეს მე ვარ მარიო გიოტცე, ფეხბურთელი, მაგრამ ფეხბურთის გარეშე ვინ ვიქნები?
შემდეგ ჯერზე, როდესაც დაინახავთ მოთამაშეს, რომელიც „კიდევ 1 სეზონის“ ჩატარებას აპირებს, საკუთარ თავს კითხეთ: ეს უპირობო სიყვარულია თუ გვერდზე დარჩენის შიში?
ერთი არაჩვეულებრივი ბიჭია, სახელად დირკ ნოვიცკი, პირველი გერმანელი და ევროპელი, რომელიც NBA-ში ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ დასახელდა. ის კალათბურთს 40 წლამდე თამაშობდა. მან ტერფზე ოპერაცია გაიკეთა და ფეხი სტკიოდა, მაგრამ თამაშს განაგრძობდა.
რა თქმა უნდა, მას ეს მოსწონდა, მაგრამ ახლა დირკი 46 წლისაა და ძლივს დადის. ერთხელ მას ფრანკფურტში შევხვდი და მითხრა: „მარიო, ალბათ ჯობდა 5 წლის ადრე შემეწყვიტა თამაში“.
სპორტში 5 წელი დიდი დროა.
თქვენ ხომ იცით დევიდ ბექჰემი, არა? როდესაც მე მას პარიზში შევხვდი, მითხრა: „ყველაფერი მენატრება, რაც ფეხბურთს უკავშირდება - მინდა დავიბრუნო“.
მეორე დღეს, როდესაც მან თამაში დაასრულა, მაიამიში გაფრინდა და საფეხბურთო კლუბის მართვა დაიწყო. დევიდმა თქვა: „უნდა გამეგრძელებინა“. მას სჭირდებოდა ახალი მიზეზი, რომ ყოველ დილით ამდგარიყო - რაღაც, რაც მას ახალი პიროვნების ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდა.
მეც მომიწევს გაგრძელება. როდესაც პვს-თან კონტრაქტი გავაფორმე, დავიწყე სწავლა, როგორ აკეთებენ ბიზნესს აშშ-ში ყოფილი სპორტსმენები. მე შევქმენი საოჯახო ოფისი და განახორციელე ინვესტიციები, რათა ჩვენი მომავალი უზრუნველვყო.
ინვესტორი მარიო გიოტცე - ეს იქნება ჩემი მეორე ცხოვრება.
არ მინდა მხოლოდ ისე მიცნობდნენ, როგორც ბიჭს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. ადამიანები ჯერ კიდევ მეკითხებიან ამის შესახებ და ვხვდები, რატომაც - ეს არაჩვეულებრივი მომენტი იყო, თუმცა ეს ჩემი ცხოვრების მხოლოდ ერთი თავია.
როდესაც მეკითხებიან, იყო თუ არა ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი, უბრალოდ მეღიმება - მე ჯერ კიდევ იმდენი რამის გაკეთება მინდა.
იმედი მაქვს, თქვენ ორმა ყველაფერი ცოტათი მაინც გაიგეთ.
მე დღეს ჯერ კიდევ ვთამაშობ ფეხბურთს, მაგრამ საზღვარგარეთ პირველი გამოცდილების შემდეგ, ახლა ფრანკფურტში ვარ, ისევ ბუნდესლიგაში. ლიგაში, სადაც ვუყვარდით და ვძულდით. მე სხვა ჩემპიონატზეც მითამაშია, მაგრამ ახლა სხვა მდგომარეობაში ვარ.
ვცდილობ, ახალგაზრდა მოთამაშეებს დავეხმარო, ვასწავლო და მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, ფრანკფურტი ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი გახდა. არა მხოლოდ ამ კლუბისა და გულშემატკივრების გამო, არამედ იმის გამო, რომ თქვენი ნამდვილი მოგონებები აქედან იწყება. რომი, შენ აქ მგულშემატკივრობ და დარბიხარ სტადიონზე, თამაშის მერე. ჯოია, შენ აქ დაიბადე და ჩვენი პატარა ოჯახი შეავსე.
ეს ჩემი ისტორიაა. შემეძლო გამეგრძელებინა და კიდევ უფრო მეტი მომეყოლა. უბრალოდ მაპატიეთ. სულ ბედნიერი ვიქნები თქვენთან ყოფნით და ვუპასუხებ ყველა თქვენს კითხვას.
პირველ რიგში, მე მამა ვარ, შემდეგ კი ფეხბურთელი.
თუ რომელიმე თქვენი მეგობარი ჩემზე გკითხავთ, შეგიძლიათ უთხრათ, რომ მე მქონდა კარგი და ცუდი პერიოდი მქონდა და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. შეიძლებოდა, რომ უკეთესი ყოფილიყო? რა თქმა უნდა, თუმცა ცხოვრება იდეალური არ არის. მე ჩემი ოცნებით ვცხოვრობდი და ამ გზაზე ბევრი სიამოვნება მივიღე.
და ბოლოს და ბოლოს. მე მადლიერი ვარ. მე მაქვს ყველაფერი, რაც კი ოდესმე მისურვია.
მე მყავს 2 ულამაზესი შვილი და გასაოცარი ცოლი. ჯანმრთელი ვარ, ვთამაშობ არაჩვეულებრივ კლუბში და ყველაზე მეტ სიამოვნებას ვიღებ, რადგან ახლა, როდესაც მამა ვარ, ვხვდები, რა არის ფეხბურთი. ეს ჩემი ცხოვრების პატარა ნაწილია.
თუ ცუდად ვითამაშებ, მაინც იქ უნდა ვიყო. თუ სახლში შუბლზე ჭრილობით დავბრუნდები, თქვენთვის სულერთია, რადგან ლეგოს თამაში გინდათ და მე ვივიწყებ ამ ჭრილობას, რადგან იმ მომენტში არაფერია, რაც თქვენთან ლეგოს თამაშზე მნიშვნელოვანი იქნება.
ადრე ჩემი ტელეფონი სავსე იყო ფეხბურთის საუკეთესო მომენტებით, ახლა კი იქ მხოლოდ თქვენ ორნი ხართ.
იმედი მაქვს, ერთ დღეს მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვნები ხართ ჩემთვის.
და ბოლოს, კიდევ ერთი.
რამდენიმე თვის წინ, როდესაც მძინარეები დაგინახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრჯერ მინახავს, გავიფიქრე, რომ ძმას და ჰყავს, დას კი ძმა და ახლა ისინი ერთად გაიზრდებიან.
ეს თითქოს რა უბრალო იყო, მაგრამ თავი ისე ბედნიერად ვიგრძენი, რომ მე ამეტირა.
მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებას სრულყოფილს ხდით.
მიყვარხართ.
მამიკო
მარიო გიოტცეს წერილი The Players’ Tribune-მა გამოაქვეყნა.