9 მედალი პრესტიჟული ტურნირიდან - მოჭიდავეების წარმატება
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებისთვის წარმატებული გამოდგა. პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის ტრადიციულ მემორიალზე ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე 23-წლამდე სპორტსმენებმა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საუკეთესო შედეგები დიმიტრი ხაჩიძემ და თემურ ორჯონიკიძემ აჩვენეს, რომლებიც ჩემპიონები 60 და 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდნენ. ოქროს მედლებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ ანრი თავართქილაძე (72 კგ), დათა ჩხაიძე (82 კგ), ზურაბ მელაძე (87 კგ) და ლუკა გაბისონია (97 კგ). საპრიზო მესამე ადგილი კი სამმა სპორტსმენმა, კობა ქარუმიძემ (55 კგ), ანრი ხოზრევანიძემ (67 კგ) და თორნიკე მიქელაძემ (82 კგ) დაიკავა.
რამდენიმე დღეში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვეტერანი მოჭიდავის, გელა ჯანელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს ბათუმი უმასპინძლებს, სადაც შეჯიბრება 26-28 თებერვალს, 15-წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის ჩატარდება.