პერესი მსაჯებსა და ტებასზე განაწყენებულია | რეალი ლა ლიგის დატოვებას განიხილავს
ესპანური Sport-ის ცნობით, მადრიდის „რეალის’’ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ესპანური ფეხბურთის დატოვებას განიხილავს. ამ ფორმით პერესს სურს ლა ლიგის პრეზიდენტის, ხაბიერ ტებასის მმართველობა და მსაჯების მიერ გაკეთებული მიკერძოებული გადაწყვეტილებები გააპროტესტოს. რთულად წარმოსადგენია პერესმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა ერთი რამ ფაქტია, პერესი ტებასსა და მსაჯებზე განაწყენებულია.
შეგახსენებთ, მადრიდის „რეალმა" ოფიციალურად უჩივლა ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციას (RFEF) ლა ლიგის მატჩში „ესპანიოლთან“ (0:1) მსაჯობის გამო. „სამეფო კლუბმა“ მოითხოვა მთლიანად სამსაჯო სისტემის სრული გადახედვა და მსაჯები „კლუბისთვის განმეორებით ზიანის" მიყენებაში დაადანაშაულა, რასაც ტებასის პასუხი მოჰყვა:
„ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, რომლის გამოსწორებაც რთული იქნება. გარდა ამისა, მადრიდის რეალის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ყოველთვის სურს იყოს მართალი. ვფიქრობ, მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ჩვენ ყველანი მივიდეთ ACS-ის ოფისში (პერესის სამშენებლო კომპანია), დავდგეთ მუხლებზე და ვუთხრათ მას: „ბოდიში, ფლორენტინო, მართალია, შენ გადაარჩენ ფეხბურთს და ჩვენ ეს ვერ გავიგეთ, სანამ თქვენი წერილი არ გამოაქვეყნეთ“. მე არ მჭირდება მასთან საუბარი. სიამოვნებით დაველაპარაკებოდი ფლორენტინოს, თუ არ განმეორდება ის, რაც წინა ჯერზე მოხდა, როდესაც მან თქვა: „ხავიერ, შენ უბრალოდ არ მომისმენ". მე კი ვუპასუხე, რომ მესმის, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ჩვენ ვერ ვპოულობთ საერთო ენას იმ ადამიანთან, რომელიც შეჯიბრს უსამართლოდ მიიჩნევს, მსაჯებს კორუმპირებულად თვლის, რომელიც ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს ზიზღით ეპყრობოდა. ამ კაცთან სალაპარაკო არაფერი მაქვს".