ლივერპულმა ალისონის გაშვება გადაწყვიტა | მამარდაშვილის ბრწყინვალე შანსი
TEAMtalk-ის ინფორმაციით, „ლივერპული’’ მზადაა ზაფხულში ალისონ ბეკერს დაემშვიდობოს. აქედან გამომდინარე, მამარდაშვილის „ენფილდზე’’ სასტარტოში თამაშის შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. ბრაზილიელი მეკარე ევროპაში დარჩენას გეგმავს, საუდის არაბეთის კლუბების წინადადებები მისთვის პრიორიტეტული არაა.
გასულ ზაფხულში ქართველმა მეკარემ „ლივერპულთან'' გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა და ერთწლიანი იჯარით „ვალენსიაში'' დარჩა. „ლივერპულს“ მამარდაშვილის ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდა. ალისონის ტრავმიანობიდან გამომდინარე, იყო ვარაუდი, რომ შეიძლებოდა, „წითლებს“ ის „ენფილდზე“ იანვარში გადაეყვანათ, მაგრამ ბრაზილიელი მეკარის არყოფნაში, კაოიმჰინ კელეჰერი მაღალ დონეზე ასპარეზობდა და ეს ვარიანტი გამოირიცხა.
მიმდინარე სეზონში კელეჰერმა პრემიერ ლიგის 8 და ჩემპიონთა ლიგის ოთხ მატჩში ითამაშა. ასევე, ხუთ სათასო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ქართველ მეკარეს, მამარდაშვილმა ლა ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, ხუთ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.
კელეჰერისა და მამარდაშვილის შესაძლო კონკურენციასთან დაკავშირებით ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ პოლ რობინსონმა ისაუბრა: „ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ თუ კელეჰერს პოუპზე მაღალი დონის მეკარედ მიიჩნევს, ცდება და ჩემი თუ არ სჯერა, „ლივერპულის“ მწვრთნელსა და ხელმძღვანელებს ჰკითხონ, რომელთაც სწორედ კელეჰერის არასაიმედოობის გამო გადაუხადეს „ვალენსიას“ ამხელა თანხა გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ - ქართველი რომ ირლანდიელს ბევრ რამეში აღემატება, ამაზე საუბარი ზედმეტია''.