სარაევო გულიაშვილის სანაცვლოდ მილიონს ითხოვს | უარი ბულგარულ კლუბს
ბულგარული Telegraph-ის ინფორმაციით, სოფიის „ლევსკიმ’’ გიორგი გულიაშვილის ტრანსფერზე „სარაევოს’’ მიმართა. ბულგარული კლუბი მზად იყო ქართველის სანაცვლოდ 250 000 ევრო გადაეხადა, თუმცა „სარაევომ’’ ამ წინადადებას უარით უპასუხა, ბოსნიური კლუბი გულიაშვილის სანაცვლოდ მინიმუმ მილიონ ევროს ითხოვს. ბოსნიური წყაროების ინფორმაციით, „ლევსკის'' წინადადებამ „სარაევოს'' წარმომადგენლებს ღიმილი მოჰგვარათ.
CrystalSport-ის ინფორმაციით, ზამთარში გულიაშვილის ტრანსფერი გამორიცხულია, თითქმის ყველა გამორჩეულ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და ფეხბურთელისთვის ბულგარეთში ან მსგავსი დონის ჩემპიონატში თამაში საინტერესო ვარიანტი არაა, სეზონის შემდეგ კი მის ტრანსფერს გაცილებით უკეთეს ლიგაში უნდა ველოდოთ. მთავარია, ჯანმრთელად იყოს და სათამაშო ფორმა შეინარჩუნოს. უდიდესი ალბათობით, ზაფხულში კლუბს შეიცვლის, რადგან კარგ ფორმაშია, მის მიმართ დიდი ინტერესია და კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმის დროა.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პირეოსის „ოლიმპიაკოსი'', „ლანსი'' და „სენტ-ეტიენი'' იჩენენ. გარდა ამისა, გულიაშვილი „ბოლონიას'', ზაგრების „დინამოსა'' და „ჰაიდუკს'' დაუკავშირეს.
23 წლის ქართველი მარცხენა გარემარბი ბრწყინვალე სეზონს ატარებს, ბოსნიის ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 19 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. სამწუხაროდ, სამი პენალტი ვერ გამოიყენა. სამივე რომ გაეტანა, სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.
ფეხბურთელი, რომელიც შემოდგომაზე ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, Transfermarkt-ის მონაცემებით 1,5 მილიონი ევრო ღირს.
გასული წლის დეკემბერში „სარაევოსთან'' ახალი კონტრაქტი 2028 წლის 31 მაისამდე გააფორმა.