„რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ძლიერები დავბრუნდებით“ - ზურიკო მარსელთან მარცხზე
„სენტ-ეტიენის“ ქართველმა შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა „მარსელთან“ 5:1 მარცხის შემდეგ განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ზურიკომ:
„რთული მატჩი იყო. ვიცოდით, რომ „მარსელი“ მაღალი დონის გუნდია. ამ სეზონში მათ წინააღმდეგ მესამედ ვითამაშეთ და ყოველ ჯერზე, ყველაფერი კარგად გააკეთეს. თამაშში დარჩენას შესაძლებლობების ფარგლებში ვეცადეთ, მაგრამ პირველი გოლის შემდეგ ყველაფერი რთული გახდა. ჩვენთვის ძალიან რთული საღამო იყო“.
„ახლა შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც „ანჟესთან“ გვაქვს. ბევრი უნდა ვიმუშაოთ და უფრო ძლიერები დავბრუნდეთ. გუნდს ნამდვილად რთული დრო აქვს, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ. ერთმანეთთან საუბარი და ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ვფიქრობ, ანჟეს წინააღმდეგ უფრო ძლიერები ვიქნებით“.
22 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება და ამ მოცემულობით, მთავარ ლიგაში დასარჩენ საპლეიოფო შეხვედრას ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ საუკეთესო ბომბარდირია. ქართველმა შემტევმა 21 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.