გიგაშვილის ლელო - ტულონის ზედიზედ მესამე მოგება
როგორც რაგბი ევროპის ჩემპიონატში, ასევე ექვს ერში მიმდინარე სანაკრებო მატჩების გამო, საკმაოდ ბევრი მორაგბე თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდშია გამოძახებული და კლუბში არ თამაშობს, თუმცა არსებობენ გამონაკლისები და მათ შორის არის ბექა გიგაშვილი, რომლის „ტულონიც“ ჩემპიონობისთვის იბრძვის და თითოეულ შეხვედრას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
ამჯერადაც ასე იყო და ტულონელებმა სტუმრად „მონპელიესთან“ დაძაბულ ბრძოლაში 8-ქულიანი სხვაობით, 38:30 გაიმარჯვეს, წარმატებაში კი საკუთარი არცთუ მოკრძალებული წვლილი 32 წლის ქართველმა მორაგბემაც შეიტანა, რომელსაც ხვალ 33 წელი შეუსრულდება. გიგაშვილი სასტარტო თხუთმეტეულში გახლდათ და მეტოქის ჩათვლის მოედანი 54-ე წუთზე აიღო.
„ტულონს“ საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ზედიზედ სამი გამარჯვება აქვს - „მონპელიემდე“ (30:38), გიგაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა საკუთარ მოედანზე „სტად ფრანსე“ (45:26) და „რასინგი“ (36:24) დაამარცხეს, უკანასკნელად კი სტუმრად უშუალო კონკურენტთან „ბორდოსთან“ (17:21) წააგეს. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, „ტულონი“ 52 ქულით მეორე ადგილზეა და ჟირონდელებს მხოლოდ ქულების უარესი შეფარდებით ჩამოუვარდება.