რეალის ულტიმატუმი ანჩელოტის - რა შემთხვევაში დარჩება კარლიტო
წლევანდელი სეზონის მიმდინარეობისას, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ივნისში კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებდა, რაც მეორე დღესვე 65 წლის იტალიელმა სპეციალისტმა კატეგორიულად უარყო. თუმცა, შესაძლოა მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ეს ყველაფერი მთლიანად მის გადაწყვეტილებაზე არ იყოს დამოკიდებული.
Relevo-ს ინფორმაციით, სამეფო კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ თუ გუნდი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგას, ან ლა ლიგას ვერ მოიგებს, კარლიტოს კარისკენ მიუთითებენ და მის ნაცვლად „ლევერკუზენის“ დამრიგებელ ჩაბი ალონსოს მიიწვევენ. თუ მოხდა ისე, რომ ანჩელოტიმ „ბლანკოსს“ ზემოთხსენებული ორი მსხვილი ტურნირიდან რომელიმე მოაგებინა, ის როგორც დაგეგმილია, პოსტზე 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება. იტალიელის უყურადღებოდ დატოვებას არც ამ სეზონის დამთავრების შემდეგ გათავისუფლების შემთხვევაში აპირებენ და ფლორენტინო პერესის სურვილია, სამწვრთნელო საქმიანობის დასრულების შემდეგ, ანჩელოტის კლუბის სტრუქტურაში რომელიმე საპასუხისმგებლო პოსტი ჩააბარონ.
შეგახსენებთ, რომ 24 ტურის შემდეგ „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატს 51 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ ქულით, მესამეადგილოსან „ბარსელონას“ კი 3 ქულით უსწრებს, თუმცა კატალონიელებს „ბლანკოსზე“ თამაშით ნაკლები აქვთ გამართული და თუ ხვალ, საკუთარ სტადიონზე „რაიო ვალეკანოს“ დაამარცხებენ, სატურნირო ცხრილს სათავეში ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე ჩაუდგებიან.