ნინიაშვილი: „ასეთ გუნდებთან მეტ შეცდომებს ვუშვებთ“
დავით ნინიაშვილმა საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტნის რანგში პირველი შეხვედრა აღმაფრენით ჩაატარა და სტუმრად ესპანელებთან (32:62) რაგბი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპის მესამე ტურში მოგებულ შეხვედრაში სამი ლელო დადო. ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა ტურნირის პირველი ეტაპი ლიდერის პოზიციაზე დაასრულეს, რაც მათ რუმინელებთან ნახევარფინალის თბილისში გამართვის საშუალებას აძლევს. შეხვედრის დამთავრების შემდეგ ნინიაშვილმა გუნდის ასპარეზობა საინტერესოდ შეაფასა.
დავით ნინიაშვილი
ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ეს ყველაზე რთული თამაში გამოდგა. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაშიც იყო რაღაც შეცდომები, მაგრამ ყველაფერს გამოვასწორებთ. ნახევარფინალში რუმინელებს თბილისში ვუმასპინძლებთ, სადაც ასპარეზობა ჩვენთვის მუდამ მნიშვნელოვანია, რადგან გულშემატკივრების თვალწინ გამოსვლა ნამდვილი სიამოვნებაა.
ასეთი დონის გუნდებთან და ასეთი დონის ტურნირებზე უფრო ხშირია ჩვენი მხრიდან ლაფსუსები, რადგან მოედანზე შედარებით მოდუნებულები გავდივართ. ვერ ვითარდებით ერთი და იგივე მეტოქეებთან დაპირისპირებით და როდესაც გრანდებთან გვიწევს შერკინება, უფრო დიდ ყურადღებას ვიჩენთ.
ნინიაშვილის დებიუტი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში 2020 წელს ირლანდიასთან შედგა და მას შემდეგ ბორჯღალოსნების რიგებში გამართულ 38 მატჩში მან თავი 14 ლელოთი, 14 გარდასახვით და 3 საჯარიმოთი გამოიჩინა