ბაკურიანი 2025 ოფიციალურად დაიხურა - პირველი ქართველი ჩემპიონი
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც ბაკურიანმა, ბათუმმა და თბილისმა უმასპინძლა, ოფიციალურად დაიხურა. 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით ტურნირში 45 ქვეყნის 14-დან 18-წლამდე ასაკის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა და მედლები სპორტის 8 სახეობაში სამთო თხილამურობაში, ბიათლონში, თავისუფალ სრიალში, ფიგურულ ციგურაობაში, ყინულის ჰოკეიში, შორტ ტრეკში, თხილამურებით რბოლასა და სნოუბორდში გათამაშდა.
ახალგაზრდულ ფესტივალში ჩვენი ქვეყნის სახელით სპორტის სამ სახეობაში, ფიგურულ ციგურაობაში, სამთო თხილამურობასა და ბიათლონში 8 სპორტსმენმა იასპარეზა და მათგან წარმატებას მხოლოდ ერთმა მიაღწია. 15 წლის მოციგურავემ ინგა გურგენიძემ მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში საუკეთესო შედეგი აჩვენა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც კონტინენტის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა მოიგო.
რაც შეეხება მთლიანად „ბაკურიანი 2025“-ის შედეგებს, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი იტალიამ დაიკავა, რომლის წარმომადგენლებმაც 7 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ბერძენმა პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა კი აღნიშნა, რომ საქართველომ ოლიმპიადის ორგანიზებას თავი იმდენად კარგად გაართვა, რომ სამომავლოდ სხვა მასპინძელ ქვეყნებსაც ასეთ უმაღლეს სტანდარტებს დაუწესებენ.