პოლ რობინსონი: „კელეჰერი მამარდაშვილთან ახლოსაც ვერ მივა“
გიორგი მამარდაშვილი რამდენიმე თვეში „ლივერპულს“ შეუერთდება, სადაც საკუთარი სიძლიერის დამტკიცება არნახულად მძიმე კონკურენციის პირობებში მოუწევს. მერსისაიდული გრანდის ძირითადი მეკარის, ალისონ ბეკერის კლასის შესახებ ყველამ კარგად იცის, თუმცა კაიომჰინ კელეჰერის სახით მას ასევე საკმაოდ მაღალი დონის შემცვლელი ჰყავს. თუმცა, როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს ბრაზილიელ და ქართველ გოლკიპერთან კონკურენციის მოგების იმედი არ აქვს და ნავთსაყუდელის გამოცვლას აპირებს.
ავტორიტეტული ინგლისური სპორტული გამოცემების ცნობით, სულ მალე კელეჰერი „ნიუკასლს“ შეუერთდება, სადაც მას გრძელვადიან პერსპექტივაში ნიკ პოუპის იდეალურ შემცვლელად მიიჩნევენ, თუმცა ირლანდიელისთვის ნდობის გამოცხადებას და მის პირველ ნომრობასაც არ გამორიცხავენ. ამ ყველაფრის ფონზე, კელეჰერისთვის საკმაოდ არასასურველი შეფასება გააკეთა წარსულში ცნობილმა ინგლისელმა მეკარემ პოლ რობინსონმა, რომელმაც ამ თემაზე საუბრისას, მამარდაშვილი საკმაოდ დადებით კონტექსტში მოიხსენია.
რას ამბობს რობინსონი
ნიკ პოუპი უკვე 32 წლისაა და მას „კაჭკაჭებთან“ კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ არა მგონია მის ნაცვლად კაიომჰინ კელეჰერის დამატება კლუბის ხელმძღვანელების მხრიდან ჭკვიანური ნაბიჯი იყოს.
„ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ თუ კელეჰერს პოუპზე მაღალი დონის მეკარედ მიიჩნევს, ცდება და ჩემი თუ არ სჯერა, „ლივერპულის“ მწვრთნელსა და ხელმძღვანელებს ჰკითხონ, რომელთაც სწორედ კელეჰერის არასაიმედოობის გამო გადაუხადეს „ვალენსიას“ ამხელა თანხა გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ - ქართველი რომ ირლანდიელს ბევრ რამეში აღემატება, ამაზე საუბარი ზედმეტია.
პოლ რობინსონი კარიერის მანძილზე „ლიდსის“, „ტოტენჰემის“, „ბლექბერნისა“ და „ბარნლის“ კარს იცავდა და 2008 წელს „დეზებთან“ ერთად ინგლისის ლიგის თასი მოიგო.