ემპოლის 10-მატჩიანი მოუგებელი სერია - გოგლიჩიძე ძირითადს დაუბრუნდა
იტალიის სერია A-ში „ემპოლის“ წარუმატებელი სერია გაგრძელდა და ტოსკანური კლუბი „სტადიო ფრიულიზე“ „უდინეზესთან“ 0:3 დამარცხდა, რითაც სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუარესა და ფაქტია, რომ გათამაშების ფინიშზე ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის სერიოზული ბრძოლების გადატანა მოუწევს. დ’ავერსას მომზადებული გუნდის მოუგებელი სერია შიდა პირველობაზე ამ მარცხის შემდეგ 10 მატჩამდე გაიზარდა - უკანასკნელად „ემპოლიმ“ სერია A-ში 8 დეკემბერს, სტუმრად „ვერონასთან“ (1:4) გაიმარჯვა.
საბა გოგლიჩიძე ორტურიანი პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა და მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ შეუცვლელად ათამაშა. უდინური კლუბის შემადგენლობაში დუბლი 24 წლის ნიდერლანდელმა ფორვარდმა იურგენ ეკელენკამპმა შეასრულა, რომელმაც თავი მე-19 და 65-ე წუთებზე გამოიჩინა, საბოლოო წერტილი კი თავური დარტყმით ფლორიან ტოვინმა დასვა. არცერთ შემთხვევაში გაშვებულ გოლში 20 წლის ქართველ მცველს ბრალი არ მიუძღვოდა. საბა 90 წუთის განმავლობაში ბურთს 60-ჯერ შეეხო და მისი 44 გადაცემიდან 39 ზუსტი აღმოჩნდა. 10 ორთაბრძოლიდან 6 მოიგო, თავისი გუნდის კართან ხიფათი 7-ჯერ განმუხტა და ერთი დარტყმა დაბლოკა.
25 ტურში დაგროვებული 21 ქულით „ემპოლი“ სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა, თუმცა თუ „პარმამ“ „რომას“ დამარცხება შეძლო, მაშინ შესაძლოა ტოსკანელები გასავარდ ზონამდე დაქვეითდნენ. მომდევნო ტურში გოგლიჩიძე და მისი თანაგუნდელები მშობლიურ „კარლო კასტელანიზე“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებენ და მატჩი კვირას, 23 თებერვალს, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.