მიქაუტაძემ ზედიზედ მეორედ გაიტანა - ლიონმა მონპელიეს მოუგო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად „მონპელიეს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა.
ქართველი შემტევი „ლიონის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავი გოლით ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა. მიქაუტაძემ მე-3 წუთზე მეტოქი საჯარიმოში ჩერქის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და ბრწყინვალე შესრულებით თავისი გუნდი დააწინაურა. ჟორჟს ამის მეტი რეალური შანსი აღარ მისცემია და საბოლოოდ, ფონსეკამ 70-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტით შეცვალა.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, გიორგი მიქაუტაძის გოლს 38-ე წუთზე ტანგუი კულიბალიმ უპასუხა და „მონპელიემ“ ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ნახევარმა თავიდან-ბოლომდე „ლიონის“ უპირატესობით წარიმართა და ფონსეკას გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. 50-ე წუთზე ნუამამ „ლიონი“ წინ გაიყვანა, რასაც სამ წუთში ტოლისოს გოლი მოჰყვა. საბოლოო ანგარიში კი 73-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ შემოსულმა ლაკაზეტმა დააფიქსირა.
გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ლიონის მაისურით 22-ე მატჩი ჩაატარა და მე-6 გოლი გაიტანა. ამასთან, ქართველმა შემტევმა ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა, ყველა ტურნირზე კი 10 გოლი დაუგროვდა.
22 ტურის შემდეგ „ლიონი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-5 პოზიციაზე აღზევდა და „ლილს“, რომელსაც 22-ე ტურში თავისი შეხვედრა ჯერ არ გაუმართავს, 1 ქულით გაუსწრო. პაულო ფონსეკას გუნდი მომდევნო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება. მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.