სანიკიძე: „ბითაძე და მამუკელაშვილი მეტ ნდობას იმსახურებენ“
21 თებერვალს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის გამართვა მოუწევს. „თბილისი არენას“ დარბაზში ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებული კალათბურთელები დანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ზედიზედ მეექვსედ მოიპოვებენ. უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ, გადაცემაში „სპორტი იმედზე“ კომენტარი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა.
ვიქტორ სანიკიძე
ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს, რადგან დანიელებს ჩვენთან გამარჯვების შემთხვევაში, ევრობასკეტზე მოხვედრის შანსი გაუჩნდებათ. როგორც ვიცი, მათ წინასწარ შემადგენლობაში ევროლიგაში მოთამაშე ორი კალათბურთელის გვარიც ფიგურირებს, რაც კიდევ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენისკენ გვიბიძგებს.
მათი კლუბების სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა შესაბამისად, იტალიისა და ესპანეთის თასის გათამაშებებში გამოსვლა ნაადრევად დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სანაკრებო თამაშებისთვის მომზადებისთვის მათ გაცილებით მეტი დრო ექნებათ.
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბიჭი უსამართლოდ იჩაგრება. რამდენჯერაც თავის გამოჩენის საშუალება მიეცა, იმდენჯერ დაამტკიცა, რომ „სან ანტონიოსთვის“ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ „მამუზე“ გაცილებით მეტი სათამაშო დრო აქვს, ჩემი პირადი აზრია, რომ „ორლანდოში“ გოგა ბითაძე უფრო მეტ დროსა და უფრო დიდი როლის დაკისრებას იმსახურებს. ის რა დონის მოთამაშეცაა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დამტკიცდა, როდესაც „მეჯიქის“ ხელმძღვანელებმა ძალიან მაგარი კონტრაქტი გაუფორმეს.
სანიკიძის განცხადებით, უახლოეს საათებში ეროვნულ გუნდს თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, კამარ ბოლდუინი, რატი ანდრონიკაშვილი და დუდა სანაძე შეუერთდება, რის შემდეგაც სამშაბათს ჯიკიჩი გუნდს უკვე სრული შემადგენლობით ათამაშებს. საქართველო - დანიის მატჩი პარასკევს, 21 თებერვალს, 20:50 წუთზე დაიწყება.