ყველაფერი ტანვარჯიშით უნდა დაწყებულიყო - გურგენიძის პირველი ნაბიჯები
ორივე მიზანი, რომელიც საქართველოს დელეგაციამ 2025 წლის ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე დაისახა, გადაჭარბებით შესრულდა. ქართველებს სურდათ, რომ კონტინენტის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები „ბაკურიანი 2025“-ისთვის გაწეული საორგანიზაციო სამუშაოებებით მაქსიმალურად კმაყოფილები დარჩენილიყვნენ და გარდა ამისა, საქართველოს რომელიმე წარმომადგენელს მედალი მოეპოვებინა.
სპორტულ ნაწილში ყველაფერი იდეალურად არის, რაც უპირველეს ყოვლისა ინგა გურგენიძის დამსახურებაა. 15 წლის ფიგურულმა მოციგურავემ ყველა მონაწილეს აჯობა და ორი პროგრამის ჯამში ზამთრის ფესტივალების ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა. როგორც მოხვდა სპორტში და საიდან იწყება მისი გზა დიდ წარმატებამდე, ამის შესახებ ინგამ საინტერესოდ ისაუბრა.
ინგა გურგენიძე
როგორ მოვხვდი სპორტის ამ სახეობაში? მშობლები თავდაპირველად ჩემ შეყვანას ტანვარჯიშზე აპირებდნენ, თუმცა ერთ დღეს დედაჩემი წავიდა და ყველანაირი ინვენტარი შეიძინა, რაც ფიგურულ ციგურაობას სჭირდებოდა. ბავშვობაში ხშირად ვცივდებოდი და ვარჯიშის მთავარი დატვირთვა იყო ის, რომ ჩემი ორგანიზმი მომძლავრებულიყო. თუმცა, შემდეგ მწვრთნელებმა ძალიან ბევრ ბავშვს შორის ამარჩიეს და ლუდმილა გაფაროვას ხელმძღვანელობით სპეციალური საწვრთნელი კურსები გავიარე, რაც აი ამ დღის და ამ დიდი გზის დასაწყისი აღმოჩნდა.
როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში „ბაკურიანი 2025“-ზე ჩემი გამოსვლის შემდეგ ვფიქრობ, რომ ასჯერ უფრო კარგად ასპარეზობა შემიძლია. თავისუფალ პროგრამაში სტარტზე მქონდა შეცდომა, როდესაც დავეცი, თუმცა ისევე როგორც ყველა სპორტში, ფიგურულ ციგურაობაშიც არსებობს დაცემა და წამოდგომა. დიდ მიზნებს ვისახავ და ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვება ჩემი ლამაზი კარიერის ასეთივე დასაწყისი უნდა იყოს.
ცნობისათვის, წლევანდელ ფესტივალამდე, საქართველოს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადებზე 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული და ყველა ვაჟთა ფიგურულ ციგურაობაში. 2023 წელს კონსტანტინე სუპატაშვილი ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 1997 და 2017 წლებში საპრიზო მესამე ადგილი შესაბამისად, ვახტანგ მურვანიძემ და ნიკა ეგაძემ დაიკავეს.